„საქართველოს მასშტაბით 50-60%-საც შეიძლება მიაღწიოს ფუტკრის ოჯახების დაცემამ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი დაავადება ტროპილელაფსოზი შეიძლება გახდეს, რომელიც საქართველოში გასული წლიდან გავრცელდა.
„ფუტკრის ტროპილელაფსოზის დაავადება პირველ ეტაპზე აზიიდან რუსეთში გავრცელდა, რუსეთიდან აფხაზეთში და შემდეგ შემოაღწია საქართველოს სხვა რეგიონებში. ეს არის დაავადება რომლის გავრცელების შეჩერებაც შეუძლებელია. დაავადება ჩვენთვის და მსოფლიოსთვის არის ახალი. ეს არის პარაზიტი ტკიპი, რომელიც ტროპიკული ფუტკრიდან გადმოვიდა დასავლურ მეტ თაფლიან ფუტკარზე.
ტკიპი შარშან გაზაფხულზე შემოვიდა და დაგვიგროვდა პატარ-პატარა გამოცდილება თუ როგორ უნდა იმართოს დაავადება. ამის გავრცელების აღკვეთა შეუძლებელია და მეფუტკრეები უნდა მოემზადონ, რომ დაავადების მართვა მოხდეს საფუტკრეებში.
საქართველოში საფუტკრეები ძირითადად, მცირე მასშტაბისაა, შესაბამისად საფრთხე მათ უფრო ემუქრება, რადგან არ არიან ჩამოყალიბებული როგორც ბიზნესი. სამეწარმეო საფუტკრეებში უფრო მეტად ექცევა დაავდებას ყურადღება, ვიდრე მცირე საფუტკრეებში. შესაბამისად, თუ მეფუტკრეები სრულად არ ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში და არ გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რასაც ჩვენ ვუზიარებთ, ვფიქრობ, ზარალი დიდი იქნება. ჩვენი ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 50%-60%-საც შეიძლება მიაღწიოს ფუტკრის ოჯახების დაცემამ.
ტროპილელაფსოზის დაავადებას შევადარებდი ვარვატოზის დაავადებას. ვაროას ტკიპის მსგავსად ტროპილელაფსის ტკიპაც გადის იმ გზას, რაც თავის დროზე ვაროას ტკიპამ გაიარა. ვაროა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. 2021 წელს ავსტრალიაშიც შეაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიას მცდელობა ქონდა აღეკვეთა ტკიპას გავრცელება, 75 კმ-იანი ბუფერული ზონებიც კი შექმნეს, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს მისი შეჩერება და დაიწყეს მეფუტკრეების გადამზადება, რომ ესწავლებინათ, როგორ მართონ დაავადება. ჩვენც მოგვიწევს გამოცდილების გაზიარება ჩვენი მეფუტკრეებისთვის. ისინი უნდა შეეგუონ როგორც დღეს საფუტკრეებში გვყავს ტკიპი ვაროა ისევე გვეყოლება ტკიპი ტროპილელაფსი. ვეცადოთ უნდა ამ ტკიპის კონტროლს, რომ მან არ გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახების განადგურება“, - განაცხადა პაპავამ.