რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარამდე დაეცა, რაც დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის შედეგად ნავთობის მსოფლიო ბაზრის ჩამოშლასა და OPEC+-ის მიერ მოპოვების დაგეგმილზე 3-ჯერ უფრო გაზრდას უკავშირდება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
Urals-ის ამჟამინდელი ფასი უკრაინის ომის მთელი პერიოდის მინიმუმზეა და ფედერალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ოდენობაზე, თითქმის, 20 დოლარით დაბალია.
ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში ჩატვირთვით Urals-ის ნავთობის ფასი ბარელზე 53 დოლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ 69,7-დოლარიან ფასზე 25%-ით დაბალია.
გასული კვირის ბოლოს მსოფლიო ბაზარმა კოლაფსი განიცადა, რის შედეგადაც Brent-ის ნავთობის ფასი 12,5%-ით დაეცა და ვაჭრობა 65,58 დოლარად დაასრულა. 7 აპრილს ფასი ბარელზე ჯერ 62,51 დოლარამდე ისევ დაეცა, შემდეგ კი 63,5 დოლარამდე ოდნავ გაიზარდა.
მარტში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ წელს ნავთობის საშუალო ფასი 60 დოლარად განსაზღვრა. ამის გამო უწყება ბიუჯეტში დეფიციტის მშპ-ის ამჟამინდელი 0.5%-იდან 1%-ით გაზრდას პროგნოზირებდა. თუმცა უწყების მიერ პროგნოზირებულ ფასთან შედარებით ნავთობი კიდევ უფრო იაფდება. ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, Brent-თან მიმართებაში Urals-ის ფასდაკლება 13,51 დოლარს შეადგენს და ამ დონის შენარჩუნების შემთხვევაში რუსულის ნავთობის ფასი შესაძლოა, 50 დოლარზე დაბლა დაეცეს.
Urals-ის ამჟამინდელი ფასი ყველაზე დაბალი დონეა, რაც პუტინის მიერ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა. 2023 წლის პირველ სამ თვეში Urals-ის საშუალო თვიური ფასი ბარელზე, დაახლოებით, 49 დოლარს შეადგენდა, რაც შემდგომში მსოფლიო ფასებთან ერთად გაიზარდა, თუმცა ამჯერად ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი მიზეზები არ არსებობს.
კერძოდ, ფასების ამჟამინდელი დონე მიმდინარე წლის ბოლოსთვის საშუალო დღიური მოთხოვნის 1 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობს, რაც, 2024 წელთან შედარებით, მოთხოვნას უცვლელად ტოვებს.
არსებული პროგნოზით, Brent-ის ფასი ბარელზე 60-65 დოლარის ფარგლებში იმერყევებს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფუნდამენტური ფაქტორები არ გაუარესდა.
მარტში, ჯერ კიდევ გლობალური ბაზრის დაცემამდე რუსეთმა, წინა წელთან შედარებით, ნავთობზე 15%-ით ნაკლები გადასახადი ამოიღო.
ამასთან, თებერვალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთავრობისადმი გაგზავნილ ყოველწლიურ დახურულ ანგარიშში გამაფრთხილებელი მესიჯი გაავრცელა, რომ ნავთობის გლობალურ ბაზარზე შესაძლოა, დაბალი ფასების ხანგრძლივი პერიოდი დადგეს, როგორც ეს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოხდა. ბანკი წერს, რომ OPEC-ის ქვეყნებმა და აშშ-მა შესაძლოა, ნავთობის გლობალური ფასები ჩამოშალონ, თუ წარმოების მკვეთრ გაზრდას გადაწყვეტენ.
ცენტრალური ბანკი მთავრობას შეახსენებს, რომ დღეისთვის OPEC-ის ქვეყნების თავისუფალი სიმძლავრე მსოფლიო ბაზარზე არსებული რუსული ნავთობის სრული ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) თანახმად, OPEC-ის ქვეყნებს შეუძლიათ, წარმოება დღეში 5 მლნ ბარელით გაზარდონ, რაც რუსეთიდან ნავთობის მთელ ექსპორტს დაფარავს. მხოლოდ საუდის არაბეთს ისეთი უმოქმედო საბადოები და ჭაბურღილები აქვს, რომლებსაც დღეში 3 მლნ ბარელი ნავთობის ამოტუმბვა შეუძლიათ. ეს ის მოცულობაა, რაც რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ზღვით გააქვს.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა ნავთობის მსოფლიო ფასების OPEC-ის ქვეყნების დახმარებით შემცირების გეგმა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გაასაჯაროვა. თუმცა, OPEC+-ის კარტელმა, რომელშიც რუსეთიც შედის, ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაცხადა, რომ წარმოების შემცირებას თანდათან შეწყვეტს, რაც ამჟამად დღეში 5,8 მლნ ბარელს, ანუ გლობალური მოთხოვნის 5%-ზე მეტს შეადგენს. OPEC+-ის გეგმის მიხედვით, კარტელის ქვეყნები წარმოების გაზრდას აპრილში დაიწყებენ და 2026 წლის ბოლოსთვის ბაზარს 2,2 მლნ ბარელ ახალ დღიურ მარაგს დაამატებენ. თუმცა თუ, მაგალითად, მაისში OPEC+ დღიური მოპოვების 135.000 ბარელით გაზრდას გეგმავდა, ბოლო გადაწყვეტილებით ჯგუფმა ეს მოცულობა 3-ჯერ, 411.000 ბარელამდე გაზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ