ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
“ახლაც ვყიდით, ეს  პროდუქტი დარეგისტრირებული გვაქვს როგორც სასუქი” - “ჩირინა” ქათმის ნაკელზე

“ახლაც ვყიდით, ეს პროდუქტი დარეგისტრირებული გვაქვს როგორც სასუქი” - ამის შესახებ “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრას” გადაცემაში “საქმე”, რძის სკანდალზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ “ყვარლის ბაგა” შესყიდვები 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის იგივე პერიოდში შეაჩერა, შესაბამისად, მსხვილფეხა საქონელს ქათმის სკინტლით ერთი წლის განმავლობაში კვებავდა.

ამასთან, რევაზ ვაშაკიძემ განმარტა, რომ როგორც დამუშავებული, ისე დაუმუშავებელი ქათმის ნარჩენი დღესაც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც სასუქი.

“ეს ისტორია დაიწყო 2018 წელს, კომპანიამ (“ყვარლის ბაგამ”) ჩვენგან დაიწყო შეძენა ქათმის ნარჩენის, ეს არის თანმდევი პროდუქტი ქათმის წარმოების, და, ეს შესყიდვები თვიდან თვემდე იზრდებოდა. 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ჩვენ წელიწადში ვაწარმოებთ დაახლოებით, 15-18 ათას ტონას, შემდეგ მას ვამუშავებთ და ვყიდით სოფლის მეურნეობაში იმ ხალხზე, ვინც დაინტერესებულია სიმინდის, ხორბლის, მწვანილის მოყვანით, ძირითადად, ეს არის სასუქი. ახლაც ვყიდით და ეს პროდუქტი დარეგისტრირებული გვაქვს როგორც სასუქი.

ნაწილს მიაქვს გადამუშავებული, ნაწილს მიაქვს პირდაპირ. ჩვენ გადამუშავების ვალდებულება არ გვაქვს”,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისი თქმით, გადამუშავება გულისხმობს ქათმის ნარჩენის დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე.

“მაგრამ არის კომპანიები, მაგალითად, ვინც სოკოს აწარმოებს, იმათ მიაქვთ გადაუმუშავებელი. იქაც გამოიყენება სასუქად”,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ყვარლის ბაგა“ , რომელიც საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა და მას კომპანია “ჩირინასგან” ყიდულობდა, ისეთ კომპანიებს ამარაგებდა რძით, როგორებიცაა „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

2019 წელს, გარიგებიდან 1 წლის შემდეგ, “ყვარლის ბაგა” პარტნიორ კომპანიას უყენებს პრეტენზიას, რომ მათთან ნაყიდმა ქათმის ნაკელმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდნენ, საქონელი დახოცა, რის გამოც 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

“ჩირინამ” პრეტენზიები არ მიიღო, რადგან მათი თქმით, ქათმის ნაკელს ის სასუქად ყიდდა და არა საკვებად. 2020 წელს კი ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” "ჩირინას" სასამართლოში უჩივლა. სასამართლო დავას კომპანიებს შორის, სამი წელი უშედეგოდ განიხილავდა რუსთავის სასამართლო, 2024 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს დავა დაჩქარებულად განიხილა და დეკემბერში პაპაშვილის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა

ნინი ქეთელაური