ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველო რუსეთში ლიმონის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულშია

საქართველო რუსეთში ლიმონისა და ლაიმის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულშია.

ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წელს რუსეთში საქართველოდან 95 ათას ტონაზე მეტი ლიმონი იქნა იმპორტირებული, რომლის მთლიანმა ოდენობამაც ფულადი თვალსაზრისით 107 ათასი დოლარი შეადგინა.

ტოპ 10-ეულში საქართველო მე-9 ადგილზეა და მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, რომელიც ამ სიაში შემავალი კიდევ ერთი სამხრეთკავკასიური ქვეყანაა. აზერბაიჯანიდან რუსეთში 9.3 ათასი დოლარის ოდების 11.8 ტონა ლიმონი შევიდა.

ლიდერი თურქეთია, რომელმაც გასულ წელს რუსეთში 125.204 ტონა ლიმონი შეიტანა, რომლის საიმპორტო ღირებულებამაც 69045.3 ათასი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე არგენტინაა, ხოლო წამყვან სამეულს სამხრეთ აფრიკა ხურავს.

რუსეთში ლიმონის იმპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • თურქეთი - 125 204 ტონა, 69.045 მლნ დოლარი
  • არგენტინა - 24 210.3 ტონა, 13.873 მლნ დოლარი
  • სამხრეთ აფრიკა - 22 947.3 ტონა, 27.410 მლნ დოლარი
  • უზბეკეთი - 4 375.4 ტონა, 5.275 მლნ დოლარი
  • ნიდერლანდები - 4 208.5 ტონა, 8.545 მლნ დოლარი
  • ბრაზილია - 1 282.5 ტონა, 2.084 მლნ დოლარი
  • ლიეტუვა - 530,7 ტონა, 721,0 ათასი დოლარი
  • ბელგია - 205,4 ტონა, 593,4 ათასი დოლარი
  • საქართველო - 95.1 ტონა, 107.1 ათასი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 11.8 ტონა, 9.3 ათასი დოლარი

აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ ქვეყნის რიგ რეგიონებში ცივი ამინდისა და ყინვების გამო ლიმონის ექსპორტი დროებით შეაჩერა, რომ სოფლის მეურნეობისა და საკვებ პროდუქტებზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი უზრუნველყოს, ასევე, შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დინამიკა შეინარჩუნოს.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში წელიწადში, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 1000 ტონამდე ლიმონი გადის ექსპორტზე. მოთხოვნის არქონის გამო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთში ლიმონის ამოძირკვა და მის ადგილას მანდარინის დარგვა აქტიურად მიმდინარეობს, რადგან რუსულ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მანდარინზეა. დე ფაქტო მთავრობის შეფასებით, ახალი ნერგების დასარგავად და ლიმონის მოსავლის გასაზრდელად აფხაზეთს, მინიმუმ, ოთხი წელი დასჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ