ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
გერმანიამ ლტოლვილთა მიღების გაეროს პროგრამა გაყინა

გერმანიის ხელისუფლებამ განსაკუთრებულ დაცვის საჭიროების მქონე პირთა განსახლება შეწყვიტა, რასაც ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) პროგრამა ითვალისწინებდა.

ინფორმაციას Handelsblatt გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება კონსერვატიულ CDU/CSU-ს ბლოკსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლის დროსაც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება განიხილება. მხარეები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება, მალე შეწყვიტონ ლტოლვილთა ნებაყოფლობითი მიღების მოქმედი პროგრამები და ახალ პროგრამებში მონაწილეობაზე უარი თქვან. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებისთვის დაიშვება, რომელთა მიღების პროცედურაც დასკვნით ეტაპზეა.

UNHCR-ის პროგრამა თავშესაფრის მქონე ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს. მასპინძელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად განსაზღვროს ხალხის რაოდენობა და ქვეყნები, საიდანაც ისინი ჩადიან.

2024 და 2025 წლებში გერმანიამ 13.100 ლტოლვილის მიღების ვალდებულება აიღო. დღეისთვის ამ კვოტით ქვეყანაში 5.061 ადამიანი არის შესული. მათ შორის არიან რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელები და სირიის მოქალაქეები, რომელთა განსახლებაზეც ევროკავშირი და თურქეთი ჯერ კიდევ 2016 წელს შეთანხმდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ მრავალი წლის განმავლობაში პირველად დაკარგა ლიდერობა და ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. კერძოდ, გამოცემა Die Welt ევროკომისიის კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 37.787 განაცხადი შევიდა, რაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით ნაკლებია. თავშესაფრის მაძიებლებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა 40.871 განაცხადით საფრანგეთია, ხოლო მეორე ადგილზე 39.318 განაცხადით ესპანეთია.

ყველაზე ხშირად გერმანიაში თავშესაფარს სირიის (24%), ავღანეთის (16%) და თურქეთის (11%) მოქალაქეები ითხოვდნენ. საერთო ჯამში, ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე ყველაზე მეტი განაცხადი ვენესუელის მოქალაქეებისგან შედის, რომელთა რაოდენობამაც 25.375 ადამიანი შეადგინა. წლის განმავლობაში მათი განცხადების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ