ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ქართული აგროსასურსათო პროდუქტების  ექსპორტის ღირებულება ყაზახეთში 66%-ით, გერმანიაში 46%-ით გაიზარდა - სამინისტრო

წელს 3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის ღირებულება ყაზახეთში 66%-ით, გერმანიაში 46%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის 3 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 371 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 1,5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემგდეგ ბაზრებზე:

ყირგიზეთი – ზრდა 3-ჯერ (ზრდა: 15.9 მლნ აშშ დოლარი);

ყაზახეთი – 66%-იანი ზრდა (ზრდა: 8.3 მლნ აშშ დოლარი), რაც უმეტესწილად უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით არის განპირობებული. ამ პროდუქციის საერთო ღირებულებამ 13.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

ერაყი – ზრდა 2.9-ჯერ (ზრდა: 7.2 მლნ აშშ დოლარი), რაც ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა 9.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია;

გერმანია – 46%-იანი ზრდა (ზრდა: 4 მლნ აშშ დოლარი), რაც ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ამ პროდუქტების ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა – 18%-ით (25.5 მლნ აშშ დოლარით). კლება ძირითადად გამოწვეულია ღვინისა და ციტრუსების ექსპორტის შემცირებით.

ამასთან, სამინისტროს დათვლით, საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 519 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

აღნიშნულ პერიოდში კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემდეგი პროდუქციის იმპორტი: კაკლოვანი კულტურები (ძირითადად ფისტა), კარაქი, სპირტი, ფრინველის ხორცი. მცირე კლება დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების იმპორტში.

ნინი ქეთელაური