ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს - WTI-ის ფასი 57 დოლარამდეა შემცირებული

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

მსოფლიოში მიმდინარე სავაჭრო ომის პარალელურად არსებობს მოლოდინი იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა შენელდება. აღნიშნულის გამო მოთხოვნა ენერგორესურსებზე მცირდება, რაც ნავთობის ფასის ვარდნაში ისახება.

ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის, WTI-ის ტიპის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 12:30 საათზე 57.70 დოლარამდე შემცირდა, რაც დღის ჭრილში 3.16%-იანი კლებაა.

რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში დღიურმა კლებამ 2.94%-ს გადააჭარბა და ბარელზე 60.97 დოლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს, მსოფლიოში უმსხვილეს იმპორტიორს, აშშ-ში ექსპორტზე 50%-იანი ტარიფები დაუწესა, რასაც პეკინმა მალევე ამერიკისთვის 34%-იანი ტარიფებით უპასუხა. გარდა ჩინეთისა, თეთრმა სახლმა იმპორტზე ტარიფები მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა.

მერი ტაბატაძე