2025 წლის 2 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 13.5 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი, ნავთი) საქართველოს ბიუჯეტმა 93.340 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წლის 2 თვეში კი 106.841 მლნ ლარის. შესაბამისად, გამოდის, რომ იმპორტირებული საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 14.5%-ით მოიმატა.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-თებერვალში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
- ბენზინის აქციზი - 61 900 871ლარი
- დიზელი - 44 920 027 ლარი
- ნავთი - 21 098 ლარი
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მონაცემები ასეთი იყო:
- ბენზინი აქციზი - 53 227 513 ლარი
- დიზელი - 40 079 040 ლარი
- ნავთი - 33 733 ლარი
ამასთან, წელს იანვარ-თებერვალში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 309 305 470 ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 106.8 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება.
შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 34.5%-ზე მეტი სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ზრდა კი ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.