ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ეს ეკონომიკური აპოკალიფსია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის - iPhone-ის ფასი 3-ჯერ გაიზრდება?

„ეს ეკონომიკური აპოკალიფსია, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. iPhone-ის ფასი გასამმაგდება“, - ამის შესახებ Wedbush Securities-ის ტექნოლოგიური კვლევების გლობალურმა ხელმძღვანელმა, დენ ივზმა განაცხადა.

iPhone-ის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რადგან სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შექმნის სამუშაოების უდიდესი ნაწილი აზიის რეგიონში ტარდება - ამ სისტემის აშშ-ში გადატანა პროდუქტის ღირებულებას თითქმის გაასამმაგებს. ივზის შეფასებით, Apple-ს დაახლოებით 30 მლრდ დოლარი და 3 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ აშშ-ში iPhone-ის მიწოდების ქსელის მხოლოდ 10% გადაიტანოს.

სმარტფონების ნაწილების დამზადება-აწყობის სამუშაოები აზიაში ათწლეულების წინ გადაიტანეს, ამერიკული კომპანიები კი დიდწილად პროგრამული უზრუნველყოფისა და დიზაინის კუთხით ოპერირებენ. Apple-ს სწორედ ასეთი სამუშაო სტრუქტურა დაეხმარა იმაში, მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელ გიგანტად და გლობალურად ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად ჩამოყალიბებულიყო.

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ იანვრის ბოლოდან, ჩინეთთან გაუარესებული ეკონომიკური პარტნიორობის ფონზე, Apple-ის აქციათა ღირებულება დაახლოებით 25%-ით შემცირდა - iPhone-ების 90%-ს ჩინეთში აწყობენ.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხედავთ, რა ემართება Apple-ს აქციებს, რადგან არც ერთი სხვა კომპანია არაა ამ ქარიშხალის ცენტრში ისე, როგორც ის და Cupertino (ელექტრული საინჟინრო კომპანია). ეს ეკონომიკური აპოკალიფსია, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის“, - ამბობს Wedbush Securities-ის ტექნოლოგიური კვლევების გლობალური ხელმძღვანელი.

ჩიპები, რომლებითაც iPhone იკვებება, ძირითადად ტაივანში იწარმოება, ეკრანის პანელები - სამხრეთ კორეაში, ხოლო ზოგიერთი სხვა კომპონენტი - ჩინეთში.

CNN-ის მიხედვით, ტექნოლოგიური ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ iPhone-ის ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუკი მიწოდების ქსელების მხრივ საერთოდ არაფერი შეიცვლება. ნიუ-იორკში დაარსებული საინვესტიციო ბანკი Rosenblatt Securities-ი პროგნოზირებს, რომ iPhone-ის ღირებულება დაახლოებით 43%-ით მოიმატებს. Counterpoint Research-ის კვლევების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, ნილ შაჰი კი ამბობს, რომ ფასების ზრდა დაახლოებით 30%-იანი იქნება - იმის მიხედვით, პროდუქტი სად დამზადდება.

Apple უკვე მუშაობს ბაზრების პოზიციონირების ცვლილებაზე და განიხილავს მიწოდების ქსელების გადატანას ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები შედარებით დაბალია. CNN-ის ცნობით, გაჟღერებულია ინდოეთისა (26%-იანი ტარიფი) და ბრაზილიის (10%-იანი) ვარიანტები.

ასევე, რაც მთავარია, თებერვალში Apple-მა დაანონსა, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკისგან შექმნილი მოცემულობის გავლენის შესამცირებლად და მიწოდების ქსელის გადმოსატანად, აშშ-ის მასშტაბით, მომდევნო 4 წლის გათვლით, 500 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

დავამატოთ, რომ 8 აპრილის სავაჭრო დღის ბოლოს, რამდენიმეწლიანი ლიდერობის შემდეგ, Apple-მა კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოს პირველი კომპანიის სტატუსი დაკარგა და Microsoft-ს დაუთმო, თუმცა 9 აპრილის სავაჭრო დღის დასაწყისში (ნიუ-იორკის დროით 12:00 საათისთვის) კვლავ გალიდერდა, რადგან მისმა კაპიტალიზაციამ 2.692 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, Microsoft-ისამ კი - 2.691 ტრილიონი.

ირაკლი ფოფხაძე