საქართველო რუმინეთთან მოლაპარაკებებს იწყებს, რომ დიპლომატიური პირები სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
კერძოდ, დოკუმენტში საუბარია „საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვაზე.
განკარგულებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით“.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ, რომლის წევრიც არის რუმინეთიც, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტების გამოყენებით.