„მომარაგების პრობლემაა, ამიტომ ხვდება მომხმარებელს ცარიელი დახლები“,- ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რძის სკანდალი აგორდა, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირდა, თუმცა თავის მხრივ, კომპანიებსაც მარაგი ჯერ არ შეუვსიათ.
„რასაკვირველია, მოთხოვნა შემცირებულია, ამას ემატება ისიც, რომ როგორც ჩანს, თავად კომპანიებიც შეფერხდნენ მარაგების შევსებაზე. რა პარტიებიც ამოიღეს, ალბათ, არ იყო საწარმო მზად, რომ ჩაენაცვლებინა. მომარაგების პრობლემაა, ამიტომ ხვდება მომხმარებელს ცარიელი დახლები.
პროცენტულად ნამდვილად არ გვაქვს დაანგარიშებული მოთხოვნა რამდენად შემცირებულია. თავიდან ბევრად რთული სიტუაცია იყო, ახლა ცოტა წამოვიდა ისევ მოთხოვნა.
რაც შეეხება მომარაგებას, აუცილებლად შემოვა. უბრალოდ, ჯერ თავად მომწოდებელმა უნდა შეავსოს, რომ მოიტანოს მაღაზიამდე. როგორც ჩანს, არ ჰქონდა საკმარისი, იმიტომ, რომ ეს პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ამოიღეს.
ეს არის მიზეზი რატომაც ხვდება ცარიელი დახლები მომხმარებელს“,- ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.
სკანდალმა მოახდინა თუ არა გავლენა რძის პროდუქციის ფასებზე, რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ რთული სათქმელია, რადგან ყველა ქსელი მომწოდებელთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
„ვერ გეტყვით, რომ ფასებზე გავლენა მოახდინა, რადგან ყველა მაღაზია ინდივიდუალურად ესაუბრება თავის მომწოდებლებს“,- ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აპრილი რძის პროდუქტების ბაზარზე სკანდალებით დაიწყო. ჯერ ცნობილი გახდა, რომ „ყვარლის ბაგა“ , რომელიც საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა, ისეთ კომპანიებს ამარაგებდა რძით, როგორებიცაა „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“. თუმცა, აღნიშნული, 2018-19 წლების პერიოდს უკავშირდება.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ „სოფლის ნობათის“ შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული ზოგიერთი პროდუქტის რძის ნიმუშებში აფლატოქსინ M1-ზე გამოვლინდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.