„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იდეალურად კონტროლდება, როგორც ჩვენთან, ასევე დიდ გადამმუშავებლებთან“, - აცხადებს კომპანიის „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორი, გიორგი ლიპარტელიანი.
სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ ლიპარტელიანის კომენტარს „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბევრ სხვა ინდუსტრიასთან შედარებით, რძის ინდუსტრიაში ძალიან დიდი პროგრესია, თუმცა ასევე ბევრია გასაკეთებელი. ცოტაც დარჩა იგივე არაორგანიზებული წარმოების კონტროლის კუთხით. ახლოს ვართ სრულყოფასთან, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ სხვა ინდუსტრიაზე, მაგრამ რატომღაც, პრობლემა რომ წარმოიშვება, ბევრად მტკივნეულად აღიქმება ჩვენს ინდუსტრიაში.
შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად კონტროლდება ყველაფერი, როგორც ჩვენთან, ასევე დიდ გადამმუშავებლებთან. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის მხრიდან ორგანიზებული ფერმების და გადამმუშავებლების კონტროლს, იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლებელია არ დაიცვა სტანდარტი. რამდენიმე ამბავი შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ და გასაგებია, ხალხის შეშფოთება, რაც ერთი მხრივ კარგია, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ყველა თავის პროდუქტს და თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“, - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა: დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელი 3,2% იყო, კონკრეტულად კომპანია „ქართული რძის პროდუქტებში” 2024 წელს 8 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა - დარღვევა არ გამოვლენილა.