„რატომ ვერ შეიქმნა ამდენი ხნის განმავლობაში, ალტერნატიული პოლიტიკური სივრცე, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გაგვჩენოდა შესაძლო კოალიციური მართვის სწორი მოლოდინები,“ - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მიმართავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ადრე თუ გვიან, ეს პროცესი დასრულდება. დასრულდება - ან სტატუს-კვოს შენარჩუნებით, ანუ რუსეთის ურემზე გამობმული სათრეველა ქვეყნით, ან მოხდება კონსტიტუციური წყობის აღდგენა და განვითარების რელსებზე დაბრუნება.
პირველ სცენართან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. აი მეორე მოცემულობის პირობებში კი, პოლიტიკურ სუბიექტებთან მაქვს კითხვები, რომლის დასმაც ვფიქრობ აუცილებელია.
როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას ქვეყნის კოალიციური მართვა?
რატომ ვერ შეიქმნა ამდენი ხნის განმავლობაში, ალტერნატიული პოლიტიკური სივრცე (უზურპირებული დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში), რომ სამოქალაქო საზოგადოებას გაგვჩენოდა შესაძლო კოალიციური მართვის სწორი მოლოდინები?
მაგალითად, რატომ არ შეიქმნა „ჩრდილოვანი პარლამენტი”, სადაც შემოგვთავაზებდით იმ კანონებს, რომელსაც თვლით რომ მისაღებია და სამოქალაქო საზოგადოებასაც მოგვცემდით ამ კანონების შეფასებაში, განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას?
რატომ არ შეიქმნა „ჩრდილოვანი კაბინეტი”, სადაც კოალიციური შეთანხმებით, შემოგვთავაზებდით ადამიანებს და გუნდებს, ვინც თქვენი გადმოსახედიდან უნდა ჩაიბაროს ესა, თუ ის მიმართულება და პროგრამები, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და ა.შ. მართვის და რეფორმების განხორციელებისთვის?
როცა და თუ შეიქმნება ასეთი შესაძლებლობა, მერე უნდა დაიწყოთ ამაზე მუშაობა და კვლავ ექსპერიმენტების რეჟიმში გვაცხოვროთ?
სამოქალაქო საზოგადოება თავის საქმეს აკეთებს და პროტესტის ამ პროცესში, არც რომელიმე პოლიტიკოსის წვლილის დაკნინება განმიზრახავს ამ წერილით. მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი აქამდე რომ არ მიგვიღია, ეს დიდი პრობლემაა,“ - წერს რესან ქიქავა.