ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველო თურქეთის მეზობლებში მეხუთე საექსპორტო ქვეყანაა - რა მოცულობის პროდუქტი ვიყიდეთ

საქართველო თურქეთის მეზობელი საექსპორტო ქვეყნების წამყვან ხუთეულს ხურავს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ქვეყნის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თურქეთმა საქართველოში 539.989 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა. თუმცა ეს მოცულობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია. 2024 წლის იანვარ-მარტში თურქეთმა საქართველოში 550.063 მლნ დოლარის პროდუქცია შეიტანა.

თურქეთის მეზობელ საექსპორტო ქვეყნებს შორის საქართველო სირიასა და სომხეთს უსწრებს.

განხილულ პერიოდში თურქეთის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა ერაყში განხორციელდა, რამაც ფულადი თვალსაზრისით 2.564 მლრდ დოლარამდე შეადგინა. შემდეგი, დაახლოებით, 1.177 მლრდ დოლარით ბულგარეთი, საბერძნეთი (910.145 მლნ დოლარი) და ირანია (544.498 მლნ დოლარი).

იანვარ-მარტში თურქეთის სამეზობლოში ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნებია:

  • ერაყი - 2.563.861 მლრდ დოლარი (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.1%)
  • ბულგარეთი - 1.176.583 მლრდ დოლარი (+14.5%)
  • საბერძნეთი - 910.145 მლნ დოლარი (+37.9%)
  • ირანი - 544.498 მლნ დოლარი (-6.6%)
  • საქართველო - 539.989 მლნ დოლარი (-1.8%)
  • სირია - 507.889 მლნ დოლარი (+31.2%)
  • სომხეთი - 106 მლნ დოლარი (-14.4%)

მთლიანობაში, იანვარ-მარტში თურქეთმა ამ ქვეყნებში 6.244 მლრდ დოლარამდე ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.910 მლრდ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენდა. ამდენად, ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 5.6%-ით გაიზარდა.

ექსპორტის ყველაზე დიდი, 37.9%-იანი ზრდა, წინა წელთან შედარებით, საბერძნეთმა, შემდეგ კი სირიამ დააფიქსირა, რაც 2024 წლის 8 დეკემბრის შემდეგ ქვეყნიდან ასადის რეჟიმის განდევნასა და სირია-თურქეთს შორის სავაჭრო-დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ასევე, სავაჭრო შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

ცნობისთვის: პირველ კვარტალში თურქეთის მთლიანმა საგარეო გაყიდვებმა 65.3 მლრდ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ