„კონტროლს გარეთ, იატაკქვეშეთში არიან გადასული საწარმოები, არ აქვთ დანერგილი HACCP და არანაირი საგადასახადო ვალდებულებები,“ - ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ კომპანია „შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ რძის პროდუქტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დარგში ყველაზე მთავარი პრობლემა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები არიან, რომლებიც ყველანაირ კონტროლს მიღმა დამზადებული ნახევარფაბრიკატებით კვების ობიექტებსა და ბაზრებს ამარაგებენ.
„დარგში პრობლემები არ გვაკლია. ქვეყანაში არის დიდი რაოდენობით იმპორტი, განსაკუთრებით, რძის ფხვნილის სახით. ამ დროს, ნედლი რძის წარმოება არის მცირე და ვერ ვითარდება. კონტროლს გარეთ, იატაკქვეშეთში არიან გადასული საწარმოები, არ აქვთ დანერგილი HACCP და არანაირი საგადასახადო ვალდებულებები. აწარმოებენ არაკეთილსინდისიერად, არაეტიკეტირებულ, გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტს და როგორც მოსახლეობას და მომხმარებელს წამლავენ, ასევე, გადასახადებს არ იხდიან. კეთილსინდისიერ ფერმერს კიდევ ხელს უშლიან, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
როგორც გავიგე, უკვე დაიწყო რეიდები, განსაკუთრებით ამ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიმართ. ისინი ძირითად შემთხვევაში, თავიდან იყვნენ ოფიციალურად დარეგისტრირებულნი, მაგრამ გააუქმეს იმიტომ, რომ არ უნდოდათ იმ სტანდარტებში ყოფნა, რომელიც კანონით არის დადგენილი და ყველაფერს კადრულობენ. ყველანაირად ცდილობენ, ბევრი ფული იშოვონ. მათ გააუქმეს ოფიციალური რეგისტრაციები და ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას. არიან ისეთი „მწარმოებლებიც“, რომლებიც არც ყოფილან რეგისტრირებული, მაგრამ რომ ნახეს კონტროლს გარეთ, ფული იშოვება, ბევრი შეუდგა ამ არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. იატაკქვეშა მწარმოებლები შედიან ყველგან, ძირითადად ბაზრებში რესტორნებში, საცხობებში და ამარაგებენ ნახევარფაბრიკატებით. ვინც ახლა ჩამოვთვალე მათი წარმომადგენლები თითქმის არ თანამშრომლობენ ჩვენთან,“ - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.