თუ არსებული ტენდენციები კიდევ რამდენიმე კვირა შენარჩუნდა, საწვავზე ფასი დაახლოებით 15-20 თეთრით დაიკლებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიერ სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასმა მასიური კლება დაიწყო: 11 აპრილის თბილისის დროით 19:00 საათის მონაცემებით, WTI-ის ტიპის ბარელი საწვავის ღირებულება 60.27 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Brent-ის ტიპის - 63.52 დოლარი.
გარდა ამისა, იკლებს „პლატსის“ ფასიც. (როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავის ფასი სწორედ „პლატსის“ მიხედვით ანგარიშდება). მაგალითად, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა. თებერვალში - ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე - 705.3 დოლარი იყო. მარტში ბენზინზე - 683.89 დოლარი, დიზელზე - 655.55 დოლარი.
სულ 3 თვის განმავლობაში ბენზინის შესყიდვა საქართველოს (პლატსის მიხედვით) 7.2%-ით, დიზელის კი 8.3%-ით გაუიაფდა.
თავის მხრივ, ეს ქართულ ბაზარზე უკვე აისახა, ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ტიპის საწვავზე 10-თეთრიანი კლება ფიქსირდება.
„თუკი კიდევ რამდენიმე კვირა შენარჩუნდა ის ტენდენცია, რაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაშია, ვგულისხმობ ლარის გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებას, შემიძლია ვივარაუდო, რომ საწვავზე ფასი კიდევ დაახლოებით 15-20 თეთრით დაიკლებს.
დღეს უკვე არის მოცემულობა, რომ საბითუმოდ გაყიდული საწვავის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით იკლო, ახლა კი ვითარების დასტაბილურების ფონზე, მოსალოდნელია, ღირებულება სრულიად სამომხმარებლო სექტორზეც გავრცელდეს. ოღონდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს დამოკიდებულია ლარის გამყარების პროცესსა და ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზე“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა.