ფსტა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გემრიელი ნაყოფით და ის საქართველოშიც ბევრს მოსწონს. გარდა ნაყოფისა, ფსტას (ფისტას) უამრავი კარგი თვისება აქვს, რის შესახებაც გვესაუბრება სოფლის მეურნეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა გოგინაშვილი.
- ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ დღეს ამ მცენარის ორ სახეობაზე გავამახვილებ ყურადღებას: ერთი, რომელიც ველურად ხარობს და ბოტანიკოსები პისტაცია მუტიცა-ს ვუწოდებთ, და მეორე, კულტურული ფორმა, რომელიც უგემრიელეს ნაყოფს ისხამს, მას პისტაცია ვერა ჰქვია. საქართველოში ბუნებრივად ხარობს პირველი სახეობა, რომელსაც საკმლის ხეს ან საღსაღაჯს ეძახიან. ამ სახელებით არის ცნობილი ველური ფსტა სამეცნიერო ლიტერატურაშიც.
- ქალბატონო ნანა, გვიამბეთ, რა თვისებები გამოარჩევს ამ მცენარეს?
- საკმლის ხე ჩვენთან ბუნებრივად იზრდება. მისი კორომები ქართლშიც არის, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის, ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე. საკმლის ხე ანუ საღსაღაჯი ნათელ ტყეებს ქმნის. ის ძალზე უპრეტენზიო მცენარეა - მომთხოვნი არ არის არც ნიადაგის და არც კლიმატური პირობების მიმართ, ოღონდ არ უყვარს ნესტიანი ან ჭაობიანი ნიადაგი და ამდენად, აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი ამ მცენარისთვის გაცილებით ხელსაყრელია. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეს მცენარე არ გვხვდება. საკმლის ხე ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ მეტისმეტად მკვრივი და კარგი ხარისხის მერქანი აქვს. სადურგლო საქმეში მის მერქანს საპატიო ადგილი ეთმობა. საკმლის ხისგან ძალიან ლამაზ ნაკეთობებს ამზადებენ და ეს ნივთები იშვიათი გამძლეობით გამოირჩევა. იმის გამო, რომ მისი მერქანი სურნელოვან ეთერზეთებს შეიცავს და ადვილად აალდება, მისგან საკმეველსაც ამზადებენ. ცხადია, "საკმლის ხეც" ამიტომ დაარქვეს.
- რამდენ ხანს ცოცხლობს ეს მცენარე?
- საერთოდ, ფსტა, ორივე ზემოხსენებული სახეობა, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევა. საკმლის ხე, სულ ცოტა, 300 წლამდე ცოცხლობს და ყოფილა შემთხვევა, როცა 500-800 წლის ხეც კი აღმოუჩენიათ. ლიტერატურაში ამის შესაბამისი ცნობები მოგვეპოვება. მართალია, საკმლის ხის ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება, მაგრამ ფერმერები მისგან საძირეებს ამზადებენ. საზოგადოდ, ეს გავრცელებული პრაქტიკაა: მცენარის ველურ ფორმას გადაჭრიან და მასზე კულტურულ ფორმას ამყნობენ. სწორედ ასევე ამყნობენ საკმლის ხის საძირეზე მეორე სახეობის ფსტას, რომელიც ძალიან ძვირფას და გემრიელ ნაყოფს ისხამს. ეს ჩვენი, ბუნებრივი საკმლის ხე ძალიან გამძლეა დაავადებებისა და გარემო პირობების მიმართ. მასზე დამყნობილი მცენარეც უფრო გამძლე ხდება და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც ადვილად უძლებს. როგორც წესი, ეს მცენარე მეტისმეტად მშრალ, უნაყოფო ნიადაგზეც კარგად მრავლდება. ის -18-20° ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც. ამიტომ კლიმატური პირობების გამო ის თითქმის არასოდეს იღუპება.
- როგორი გარემოა მისთვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღები?
- საკმლის ხის თესლი ღვიის ბუჩქებში თუ ჩავარდება, თავს გაცილებით კარგად გრძნობს და ყველაზე უკეთესად ვითარდება. სხვათა შორის, მთელი ვაშლოვნის ნაკრძალი, ძირითადად, ღვიისა და საღსაღაჯის ხეებისგან შედგება. ასეთ ღია, ნათელ ტყეებს ხშირად სავანას ეძახიან. ვაშლოვანში ხშირად დაინახავთ ასეთ სურათს: ღვიის ბუჩქებს შორის ასწლოვანი ხეებია ამოსული. სწორედ ღვია ეხმარება საკმლის ხეს, რომ დაცული იყოს, კარგად განვითარდეს და გაიზარდოს. საღსაღაჯი უფრო აზიური სახეობაა და, ძირითადად, აზიის ქვეყნებში ხარობს, ის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც გვხვდება, კერძოდ, აზერბაიჯანში, ირანსა და თურქეთში.
- ცნობილია, რომ ამ მცენარეს სპეციალურად რგავენ ნიადაგის ეროზიის დროს, რატომ?
- იმისთვის, რომ ეროზიისგან გამოფიტულ, დაზიანებულ ნიადაგს უშველოს. კლიმატის ცვლილების გამო ძალიან ბევრი მცენარე გახდა მოწყვლადი, ამიტომ მთელ მსოფლიოში ცდილობენ ისეთ სახეობებზე გააკეთონ აქცენტი, რომელიც ამ ცვლილებებს გაუძლებს და გადარჩება. ერთ-ერთი მათგანია საკმლის ხე, რომელიც კლიმატის მიმართ პრეტენზიული არ არის. ასეთ მცენარეებს "მომავლის მცენარეებსაც" უწოდებენ და აქტიურად იყენებენ გაუდაბურებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ამიტომაც ამყნობენ საკმლის ხის საძირეზე მეორე სახეობას პისტაცია ვერა-ს - როგორც ვთქვით, ერთი გვარის ორი სახეობაა და საღსაღაჯზე დამყნობილი კულტურული ფსტაც უფრო გამძლეა.
- ცნობილია, რომ ფსტა საქართველოში არ მოჰყავდათ, მაგრამ ბოლო წლებში ამ კულტურით არაერთი ფერმერი დაინტერესდა.
- ეს ბუნებრივია, რადგან მისი ნაყოფი საკმაოდ ძვირია. ამიტომ ფსტა უკვე ბევრ ფერმერს მოჰყავს, თანაც მას მოვლა და ქიმიური სასუქებიც ნაკლებად სჭირდება. იმის გამო, რომ მშრალ კლიმატში კარგად ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოში ბევრი დაინტერესდა მისი მოყვანით. ფერმერები ფსტას დიდი სიამოვნებით ამრავლებენ, რადგან ამ მცენარისგან კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება. წლების წინ კი მას საქართველოში კომერციული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მხოლოდ მერქნის გამო ჭრიდნენ. მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია, მით უმეტეს, რომ ქართლი და კახეთი ამ მცენარის მოსაყვანად საუკეთესო რეგიონებია.
- დააზიანა თუ არა ფსტა ტყეების გაჩეხამ?
- რა თქმა უნდა, ტყეების ჩეხამ ეს მცენარეც ძალიან დააზიანა, ამიტომ, მას იცავენ, ან ცდილობენ დაცულ ტერიტორიებზე შეინარჩუნონ. მისი კორომები მეზობელ აზერბაიჯანშიც, უმეტესად დაცულ ტერიტორიებზეა. ფსტას დაახლოებით 100 წლის განმავლობაში შეუძლია ნაყოფმსხმოიარობა და ამითაც ეს მცენარე განსაკუთრებულია. ამას ისიც ემატება, რომ კაკლოვნებს შორის ფსტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს და მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე მაღალია. ალბათ, გასაკვირია, რომ საქართველოში ფსტა სამეურნეო მიზნით არ გამოიყენებოდა, თუმცა დღეს ამ მიმართულებით გამოჩნდა და მცენარის მიმართ ინტერესიც გაიზარდა.
- დასასრულს, როგორ ამრავლებენ ფსტას - ნერგით თუ სათესლე მასალით?
- ორივე მეთოდი მისაღები და გავრცელებულია, მაგრამ ჩვენს ფერმერებს უფრო ხშირად ნერგები შემოაქვთ. მართალია, ქართლსა და კახეთში დიდი ბაღებიც აქვთ გაშენებული, მაგრამ პატარ-პატარა ბაღები უფრო მეტია. ვისაც მცენარის გაშენება კომერციული მიზნებისთვის სურს, ნერგები უცხოეთიდან შემოაქვს. ამ დროს მყიდველმა იცის, რა ჯიშის ნერგს ყიდულობს, როგორ უნდა მოუაროს და დაახლოებით, რა რაოდენობის მოსავალი ექნება. ამიტომ ჩვენი ფერმერები ნერგების დარგვასა და გაშენებას ამჯობინებენ.
ხათუნა ჩიგოგიძე