„არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“ - აშშ-სა და ირანის დელეგაციები ომანში მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ

თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, დღეს, ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით წარიმართება.

ირანული მედიის ინფორმაციით, მასკატში მოლაპარაკებების დაწყება 17:00 საათზე იგეგმება.

ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

„მინდა, რომ ირანი მშვენიერი, დიდებული და ბედნიერი ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.