„ტარიფების გამოცხადებით, ტრამპს ამ 5 მიზნის მიღწევა უნდა“, - ამაზე BBC-ის უფროსი ჟურნალისტი ბერნდ დებუსმან ჯუნიორი თავის კვლევაში აქცენტირებს და მიზნებისა და გარემოებების გარშემო საუბრობს. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ ანალიზის ქართულ ვერსიას გთავაზობთ:
5. უკეთესი სავაჭრო გარიგებები
რა თქვა ტრამპმა: „ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ძარცვავდნენ, ძარცვავდნენ და ძარცვავდნენ, ამას აკეთებდა ყველა - ახლო და შორეული პარტნიორები, მეგობრები თუ მტრები".
BBC-ის შეფასება: აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი იკვეხნიდა, რომ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, სხვადასხვა პირობებისა და დათმობების თხოვნით, 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა. ამის მიუხედავად, თეთრ სახლს საჯაროდ მხოლოდ ის აქვს გაცხადებული, რომ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მართავს, სხვა არც ერთი ქვეყნის სახელი ამ დრომდე გაჟღერებული არაა. თუმცა, თავის მხრივ, სავაჭრო პარტნიორებს დრო ჯერ კიდევ 80 დღეზე მეტი აქვთ.
4. ამერიკული ინდუსტრიის გაძლიერება
რა თქვა ტრამპმა: „ქარხნები აშშ-ში დაბრუნდება, რაც სამუშაო ადგილების ჩვენთან დაბრუნებას ავტომატურად განაპირობებს. ჩვენ ადგილობრივ ინდუსტრიულ ბაზას ძალიან სერიოზულად მივხედავთ“.
BBC-ის შეფასება: ზოგადად, აშშ-ის პრეზიდენტი ათწლეულების განმავლობაში აქცენტირებდა იმაზე, რომ ტარიფების გზა, ქვეყნის საწარმოო ბაზის აღსადგენად, ეფექტიანი იქნებოდა. გარდა ამის, უსამართლო საგარეო კონკურენციისთვის მნიშვნელოვანი გადამზღვევი გახდებოდა.
ეს ადვილი სულაც არ იქნება, რადგან ქარხნები ბიზნესმენებმა უნდა გახსნან, მათ კი სტაბილური გარემო სჭირდებათ. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტარიფები ჯერჯერობით არსებითად არასტაბილურობის განმაპირობებელია. ამ დროისთვის ძნელია იმის პროგნოზირება, სადამდე დაეცემა ტარიფების საბოლოო ნიშნულები და რომელი ინდუსტრიები მიიღებენ უკეთეს დაცვით მოცემულობას. დღეს ასეთები შეიძლება მანქანების მწარმოებლები იყვნენ, ხვალ კი მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის კომპანიები.
3. ჩინეთთან დაპირისპირება
რა თქვა ტრამპმა: „დიდ პატივს ვცემ ჩინეთის პრეზიდენტ სის, ასევე მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ისინი ჩვენგან უზარმაზარ უპირატესობას იღებენ“.
BBC-ის შეფასება: ტრამპის ამ პოზიციას აქტიურად ამყარებს ბესენტიც, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სავაჭრო პრობლემების ყველაზე დიდი ნაწილი ჩინეთს უკავშირდება და ისინი პრობლემას დანარჩენ მსოფლიოსაც უქმნიან. მეორე მხრივ, ტრამპმა ოთხშაბათს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობის ასეთი ფორმით ჩამოყალიბებაში ამერიკის ლიდერები დაადანაშაულა და არა ჩინეთი. ამას კი მოჰყვა თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლევიტის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, „წარმოუდგენლად კეთილგანწყობილი“ იქნება, თუკი ჩინეთთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
აშშ-ის მიერ წამოწყებული ეს თამაში უდიდესი რისკია და, ტრამპის ნაბიჯებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული ის ამ ომში დარჩეს იმ პარტნიორების გარეშეც კი, რომელთა მხარდაჭერაც ყველაზე მეტად დასჭირდება.
2. შემოსავლების გაზრდა
რა თქვა ტრამპმა: „აყვავებისკენ მიმავალ გზაზე ახლა ჩვენი ჯერია, გამოვიყენებთ ტრილიონობით დოლარს გადასახადების შესამცირებლად და ჩვენი ეროვნული ვალის დასაფარად. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება“.
BBC-ის შეფასება: საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპი რეგულარულად აცხადებდა, რომ მისი შემოთავაზებული ტარიფები მოიტანდა უზარმაზარ თანხებს, რომლითაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, გარდა ამისა, გადასახადების დაფარვა და ახალი სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
Bloomberg-ის მიხედვით, 10%-იანი უნივერსალური სატარიფო პოლიტიკა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს მოუტანდა, თუმცა მშპ-ის 0.5%-ით შეამცირებს.
ტრამპის მიზანია, სანამ აშშ შიდა წარმოების ქსელს სათანადო დონეზე მოაწყობს, ქვეყანამ იქამდეც დიდი შემოსავლები მიიღოს.
1. დაბალი ფასი ამერიკელი მომხმარებლებისთვის
რა თქვა ტრამპმა: „საბოლოო ჯამში, მეტი შიდა წარმოება უფრო ძლიერ კონკურენციასა და მომხმარებლისთვის დაბალ ფასებს ნიშნავს. ეს ნამდვილად ამერიკის ოქროს ხანა იქნება“.
BBC-ის შეფასება: ტრამპს არაერთხელ ჰკითხეს, ასეთი აგრესიული სატარიფო გეგმის მიზეზების შესახებ, თუმცა იგი ამაზე ბევრს არასდროს საუბრობდა. ერთი, რასაც მუდამ აღნიშნავს, ისაა, რომ მისი სურვილია, ამერიკელი მომხმარებლისთვის ხარჯები შეამციროს და ეს გეგმა ამაში დაეხმარება.
თუმცა, ეკონომისტებს შორის კონსენსუსია იმაზე, რომ ტარიფები სამომხმარებლო ფასებს გაზრდის, რადგან ეს პროცესი იმპორტს პირდაპირ ებმის. გასულ წელს საგადასახადო ფონდმა გამოიკვლია: უნივერსალური ტარიფები, მხოლოდ პირველ წელს, ამერიკული ოჯახებისთვის ხარჯებს 1253 დოლარით გაზრდის. ასევე, ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელები დაზარალდებიან.
ფასების ზრდა არასწორი მიმართულებით მოძრავი ისარია, რომელიც ტრამპისა და მისი პარტიის უზარმაზარი პოტენციური პასუხისმგებლობაა, მომავალი საარჩევნო პერსპექტივების მხრივ“, - ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.