„არ გამოვრიცხავ, ტრამპმა ჩინეთს ტარიფები საერთოდ მოუხსნას და აქციონერებმა ამით ისევ დიდი ფული მოიგონ“ - ნიკა შენგელია

„არ გამოვრიცხავ, უახლოეს პერიოდში ტრამპმა ჩინეთს ტარიფების შეზღუდვა საერთოდ მოუხსნას და ამით აქციონერებმა ისევ დიდი ფული მოიგონ“, - ამის შესახებ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

„ტრამპმა, რომელიც ბიზნესმენი და აქციონერია, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას, პირდაპირ და მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინვესტორებისთვის აქციებით სავაჭროდ ან მათ შესაძენად ხელსაყრელი დრო იყო. საერთოდ არ გამოვრიცხავ, უახლოეს პერიოდში პირიქით მოხდეს - ჩინეთს ტარიფების შეზღუდვა საერთოდ მოუხსნას და ამით აქციონერებმა ისევ დიდი ფული მოიგონ.

საერთოდ, დღეისთვის უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), ტრამპის ერთპიროვნული პროტექციონისტური პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად სრულიად ჩამოშლილია.

ასე რომ, დოლარის გარშემო შექმნილი ვითარება უაღრესად არასტაბილურია და ის თითქმის ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. მაგალითად, ევროსთან 1.13-იან ნიშნულსაც გადააჭარბა, რაც ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების 90-დღიანი ვადით დაპაუზების შედეგია“, - ამბობს შენგელია.

ირაკლი ფოფხაძე