უზბეკეთიდან ხახვის იმპორტი 17-ჯერ გაიზარდა

საქართველოში ხახვის იმპორტი 18.6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 5 876 ტონა ხახვი, რის ღირებულებამაც 1.9 მლნ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში თითქმის 2.3 მილიონ დოლარად 6 969 ტონა ხახვი შემოვიდა.

ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო უზბეკეთიდან შემოტანილი ხახვის რაოდენობის 17-ჯერ გაზრდით. კერძოდ, უზბეკეთიდან 2025 წლის პირველ ორ თვეში შემოვიდა 4 104 ტონა ხახვი (948 740 დოლარის), გასული წლის იმავე პერიოდში კი მხოლოდ 236 ტონა (74 430 დოლარის).

აღსანიშნავია ისიც, რომ უზბეკეთი მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის ხახვის იმპორტიორი მთავარი ბაზარი გახდა, იქამდე კი იმპორტში პირველ ადგილზე რუსეთი იყო. 2025 წლის იანვარ-თებერვალში კი რუსეთი ხახვის იმპორტში მე-4 ადგილზეა.

საანგარიშო პერიოდში წლიურად 85%-ით არის შემცირებული რუსეთის ბაზრიდან საქართველოში ხახვის იმპორტი. კერძოდ, წელს თუ 405 ტონა ხახვი შემოვიდა რუსეთიდან (93 ათასი დოლარის ღირებულების), შარშან იმპორტირებული იყო 2 853 ტონა (ჯამში 903 ათასი დოლარის).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ხახვი შემდეგი 5 ძირითადი ქვეყნიდან იყიდა:

  • უზბეკეთი - 948 ათასი დოლარის 4 103 ტონა;
  • ყაზახეთი - 405 ათასი დოლარის 1 757 ტონა;
  • ჩინეთი - 825 ათასი დოლარის 604 ტონა;
  • რუსეთი - 93 ათასი დოლარის 405 ტონა;
  • თურქეთი - 11 ათასი დოლარის 49.7 ტონა.

მერი ტაბატაძე