ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლაპის ლაზულის დერეფანი ეკონომიკურად მიმზიდველი ხდება - აღნიშნულის შესახებ კვლევას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს და ლაპის ლაზულის დერეფნის პერსპექტივებს მიმოიხილავს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რასაც სუეცის არხის პრობლემები დაემატა, ამჟამად ლაპის ლაზულის სატრანზიტო დერეფნის განვითარებისადმი, რეგიონის ქვეყნების ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია.
„ლაპის ლაზულის სატრანზიტო დერეფანი, ირანის გვერდის ავლით ავღანეთს თურქეთთან აკავშირებს. მიუხედავად არარენტაბელობისა, დერეფნის ფორმირება ირანის გვერდის ავლით, თავიდანვე პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული.
ლაზურიტის დერეფანი, იწყება ავღანეთის ჰერატის პროვინციაში მდებარე ქალაქ თორღანდიდან, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით უკავშირდება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს, შემდეგ კასპიის ზღვაზე თურქმენბაშის ნავსადგურს, კასპიის ზღვის გადაკვეთის შემდეგ გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოდან ბათუმის და ფოთის, ანდაც ბაქო – თბილისი – ყარსის გავლით, შემდგომ მიემართება თურქეთსა და საბოლოოდ ევროპაში“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთანავე, TCRC-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ხორციელდება შუა დერეფანზე ლაპის ლაზულის სატრანზიტო დერეფნის დაერთება, რითაც მიიღწევა სინერგიის ეფექტი და შუა დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა მოხდება.
„ლაპის ლაზულის დერეფანი იმეორებს ისტორიულ მარშრუტს, რომლითაც ავღანეთის ბადახშანის პროვინციიდან ლაპის ლაზული და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვები ექსპორტირებული იყო კავკასიაში, რუსეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ტვირთებს შორის ავღანური ბამბის, ხილის და სეზამის ტრანსპორტირება მოიაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ლაპის ლაზულის დერეფანს, ტვირთნაკადების მნიშვნელოვანი მოცულობების გენერირების შესაძლებლობა არ გააჩნდა, დერეფანი ვითარდებოდა, რაზეც აზიის განვითარების ბანკს (ADB) პროექტის ბიუჯეტისთვის 2 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.
2024 წლის ბოლოს თალიბანის ოფიციალური პირების ჩართულობით ლაპის ლაზულის დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, რაც პირველ რიგში, ავღანეთის სასაზღვრო გადასასვლელების გამტარუნარიანობის და მისი გამოყენებით საქონლის ტრანსპორტირების ხელშეწყობაში გამოიხატება.
ავღანეთში არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ლაზურიტის დერეფნის განვითარებას მრავალი ინფრასტრუქტურული გამოწვევის წინაშე აყენებს.
ორი კვირის განმავლობაში, ავღანურ საქონელს უწევს 3000 კმ მანძილის გავლა საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გზით, ვიდრე ევროპულ ბაზრებს მიაღწევს. დამატებით, კასპიის ზღვის გადაკვეთის მაღალი ტარიფები, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით ტვირთების გადატვირთვის აუცილებელი ოპერაციები, სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან შედარებით ლაპის ლაზულის დერეფანს არარენტაბელურს ხდის, რაც ძირითად შემაფერხებელ ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და ავღანეთს შორის, ხაფ-ჰერატის სარკინიგზო მაგისტრალი ფუნქციონირებს და ამ მარშრუტის გამოყენებით შესაძლებელია, ირანის გავლით, თურქეთი და ავღანეთი ერთმანეთთან, უმოკლესი მანძილით იყვნენ დაკავშირებულნი, ანკარის და ბაქოს მიზანია, რეგიონში ირანის სტრატეგიული გავლენის შემცირება და მისი ლაპის ლაზულის დერეფნიდან სრულად ამორთვა, რაც იმივადროულად საქართველოს ინტერესსაც წარმოადგენს, რადგანაც ირანის ამორთვით, დამატებით მიმზიდველობას შეიძენს ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი.
როგორ აღინიშნა, ავღანეთისთვის აღმოსავლეთ – დასავლეთ მიმართულებით, ირანის მარშრუტი ყველაზე უმოკლეს და ეკონომიურ დერეფანს წარმოადგენს, თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, თურქეთის და აზერბაიჯანის ირანზე ზეწოლა დამატებით ზანგეზურის დერეფნითაც არის განპირობებული, სადაც ირანს ამ დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით რთული პოზიცია გააჩნია.
ლაპის ლაზულის დერეფნის ამოქმედებით ყველაზე მეტად აზერბაიჯანია დაინტერესებულია, პრაქტიკულად აზერბაიჯანი სრულად გააკონტროლებს ავღანეთის ტვირთნაკადს.
აზერბაიჯანს მაინც უხდება საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, თუ ამ ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის და ყაზახეთის ტვირთების გარდა ავღანეთის ტვირთებიც გაივლის, ასეთ პირობებში დაიტვირთება, როგორც მისი რკინიგზა, ასევე მისი ფინანსური სახსრებით აშენებული ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალი.
აზერბაიჯანის გარდა რუსეთს გააჩნია საკუთარი ინტერესები, კერძოდ მისი მიზანია – მახაჩკალის, ასტრახანის და პერსპექტივაში ლაგანის, კასპიის ზღვაზე გაუყინავი ნავსადგურების ჩართვა ლაპის ლაზულის დერეფნის გადაზიდვებში.
ლაპის ლაზულის დერეფანში რუსეთის მიერთებით, რუსეთი მისი სანქცირებული პროდუქციის ავღანეთის ბაზარზე მოსახვედრად გაჭრის ახალ დერეფანს, რაც მის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
2024 წლის ბოლოს ქაბულმა და მოსკოვმა, ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის საწვავის, გაზისა და ხორბლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთიდან 1 მლნ ტონა ბენზინის, 1 მლნ ტონა დიზელის საწვავის, 500 ათასი ტონა თხევადი გაზის და 2 მლნ ტონა ხორბლის მიწოდებას.
ლაპის ლაზულის დერეფნის ლოგიკური გაგრძელებაა მისი პაკისტანამდე დაგრძელება. ბოლო პერიოდში რეგიონში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ისლამაბადმა, რომელიც აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქმენეთთან და ავღანეთთან აღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ლაპის ლაზულის დერეფნის პაკისტანის მიმართულებით გაფართოებას მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. პაკისტანის უმსხვილესი ყარაჩის და ქასიმის ნავსადგურებით, შესაძლებელი იქნება ლაპის ლაზულის დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან, საქონლის არაბეთის ზღვისა და ინდოეთის ოკეანის მთავარ სამომხმარებლო ბაზრებზე გატანა.
ასეთი სცენარით განვითარების პირობებში, შუა დერეფანი ავღანეთის გარდა დაკარგავს თურქმენეთის ტვირთნაკადს, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დატვირთულობაზე.
ლაპის ლაზულის დერეფნის პაკისტანამდე დაგრძელების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ ქაბული და ისლამაბადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სინქრონიზაციაზე ერთობლივად გადაერთნენ.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია ტრანსავღანური რკინიგზა, რომელიც არა მხოლოდ ავღანეთის რკინიგზას უზბეკეთთან და პაკისტანთან დააკავშირებს, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ავღანეთის შიგნით.
დასკვნის სახით – ლაპის ლაზურის დერეფნის ხელახალი რეანიმაციით, ფაქტობრივად, შუა დერეფნის ძირითად არტერიაზე, ლაპის ლაზულის სატრანზიტო დერეფნის დაერთება განხორციელდება, რითაც მიიღწევა სინერგიის ეფექტი, რაც შუა დერეფნით, მათ შორის საქართველოს ნავსადგურებსა და ბაქო – თბილისი – ყარსის მონაკვეთზე დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია TCRC-ის კვლევაში.