„მერიას აქვს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების გეგმა, რომელსაც მასშტაბურობა აკლია - შეიძლება ათობით წელი გაგრძელდეს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სულ უფრო ნაკლები ვაკანტური მიწა რჩება დედაქალაქში განაშენიანებისთვის, ეს კი ზრდის მიწის ფასსაც. ორთოიძე აღნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე ე.წ საბჭოთა სახლებს დემონტაჟი მოუწევს.
„მიწის შეზღუდვის ტენდენცია მუდმივია, რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ვაკანტური მიწა რჩება განაშენიანებისთვის და შესაბამისად მიწის ფასიც იზრდება. ასევე პრობლემას წარმოადგენს მეორადი კორპუსები, რომელიც საბჭოთა დროსაა აშენებული და რომელსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდა, მაგრამ კვლავ ხდება მისი გამოყენება. ეს საკითხები ერთმანეთს რომ დავაკავშიროთ აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც ამ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და უკვე იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება.
მერიას აქვს გეგმა, ავარიული ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების, მაგრამ მას არ აქვს მასშტაბურობა. დღეს ნაწილი კომპანიები ამაში მონაწილეობას იღებენ, მაგრამ შესაძლებელია ამ სქემის გარკვეული ცვლილება, რაც გაზრდის დაინტერესებას. იმის მიხედვით თუ რამდენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად სწრაფად მოხდება ჩანაცვლება. დღევანდელი გეგმით შეიძლება ათობით წელი გაგრძელდეს ან შეიძლება ისეთი სქემა მოიძებნოს, რომელშიც ყველა დეველოპერი გამოთქვამს სურვილს და ძალიან სწრაფად, მოკლე ვადაში შეიძლება მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ეს ერთგვარად, მეორე სუნთქვაც იქნება ქალაქისთვის და შესაძლოა განთავისუფლდეს ბევრი ადგილი, სადაც უკვე ახალი წესებით, ახალი რეგულაციებით მოხდება განაშენიანება,“ - განაცხადა ორთოიძემ.