„დაფნის ფასი იმაზე მაღალი უნდა იყოს, რაც ახლაა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან შედარები იაფია“ - მეწარმე

„შარშან ძალიან ძვირი ღირდა დაფნა. ერთი კგ გამომშრალი ფოთლის ფასი ავიდა 14 ლარამდე, როცა იქამდე 5-7 ლარის ფარგლებში მერყეობდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდებარე დაფნის სანერგეს დამფუძნებელმა, აკაკი ჯობავამ განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ადგილობრივ ქარხნებთან დიდი შეკვეთები გააფორმა ჩინურმა მხარემ; მოქალაქეებმა მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, დაფნას შეურიეს დაფნის მტვერი, რაც როგორც წესი არ იყიდება. მეწარმე ამბობს, რომ დანაგვიანებული დაფნის გაყიდვამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე.

„მოვიდა ჩინელი ბიზნესმენი და დიდი შეკვეთა მისცა ადგილობრივ ქარხნებს. მოთხოვნა რომ გაიზარდა დაფნაზე, ერთკვირიან შუალედში 14 ლარამდე გაიზარდა ფასიც. მეზობელმა ჩააბარა 4 ტონა, წარმოიდგინეთ რა თანხაზეა საუბარი. ადამიანის ბუნება როგორია, რაც უფრო მეტ თანხას იშოვის მით უკეთესია, ამ პროდუქტს ხან დაფნის მტვერი შეურიეს, ხან ნაგავი, რამაც ცუდად იმოქმედა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. ერთ ტონა გამომშრალ ფოთოლს შეუძლია აიტანოს 100 კგ დაფნის მტვერი, რომელიც, როგორც წესი, არ იყიდება. ამან დააზიანა ბიზნესი და ნეგატიურად იმოქმედა ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე“, - ამბობს აკაკი ჯობავა.

მანვე ისაუბრა ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე დაფნის ფასი საკმაოდ მაღალია, გლობალურ ფასებთან შედარებით კი ქართული დაფნის ფასი დაბალია.

„დაფნის ფასი იმაზე მაღალი უნდა იყოს, რაც ახლაა. დაფნა საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად ევროპის ქვეყნებში 40 გრამიანი შეკვრა ღირს 3.5 ევრო. იგივე ვითარებაა დუბაიში - 10 გრამი ღირს 15 დირჰამი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან შედარებით იაფია. მაღალია მოთხოვნა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ზოგი ომისთვის ემზადება, ზრდის შეიარაღებას, დაფნა ასაფეთქებელ ნივთიერებებში გამოყენება, ამიტომ სწრაფი ტემპით იზრდება ფასიც“, - განაცხადა აკაკი ჯობავამ.

რაც შეეხება ქართული დაფნის ფასს, ჯობავას თქმით, ნერგის საშუალო ფასი 1.5 ლარია, ნედლი დაფნის ფასი არის 1.7 ლარს, ხოლო გამომშრალი ფოთლის ფასი 7-8 ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 965 ტონა დაფნის ფოთოლი, რომლის ღირებულებამაც 4.05 მილიონი დოლარი შეადგინა.

დაფნის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში მეტწილად ჩინეთსა და რუსეთში განხორციელდა, დანარჩენი ქვეყნების წილი კი მცირედი იყო. კერძოდ, ჩინეთში ექსპორტირებულია 659 ტონა ქართული დაფნა (2.74 მლნ დოლარის), ხოლო რუსეთში 177 ტონა (951 ათასი დოლარის ღირებულების).

მერი ტაბატაძე