„პროფესიულ სასწავლებლებში ზრდასრულთა მომართვიანობა იზრდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს აკადემიის რექტორმა, პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა კახაბერ ერაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ „საზოგადოების მენტალიტეტი იცვლება და მოქალაქეები ხვდებიან, რომ წარმატებული დასაქმებისთვის პროფესიულ სასწავლებლებს უნდა დაუბრუნდნენ“.
„ჩვენ კონკურენციაში ვერ შევიყვანთ ერთმანეთთან უმაღლესისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს. მაგალითად, უმაღლესდამთავრებული პირების სამიზნე თანამდებობები სხვა არის - საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯმენტი. პროფესიული განათლებამიღებული პირები არიან ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ საქმის კეთდება და ტექნოლოგია იციან“, - აღნიშნავს ერაძე.
„ზრდასრულთა მომართვიანობა იზრდება პროფესიულებში, იმიტომ, რომ დღეს ბაზარს არ სჭირდება ამდენი მენეჯერი და მმართველი, ბაზარს სჭირდება ადამიანი, რომლებმაც იცის რა აკეთოს და როგორ აკეთოს - ასეთი ადამიანები პროფესიულ სასწავლებლებში იზრდებიან და ყალიბდებიან. უმაღლესგანათლებადამთავრებული სწავლის დასრულების შემდეგ ეუფლება პრაქტიკულ უნარებს - ამისთვის აღარც ბიზნესს სცალია და საზოგადოება ხვდება, რომ მხოლოდ მენეჯმენტის პრინციპების თეორიული ცოდნით დასაქმება ვერ იქნება მაღალი დონის, თუ პრაქტიკაში რაიმეს კეთება არ შეგიძლიათ.
იმ ქვეყნებში, სადაც პროფესიული განათლებაში მიმართვიანობის წილი არის მაღალი, ეკონომიკაც მაღალია, პირდაპირი კორელაცია გვაქვს ამ მიმართულებით. გერმანული ეკონომიკა რატომ არის ძლიერი, იმიტომ, რომ პროფესიულ განათლებაში მიმართვიანობა ბევრად აღემატება უმაღლეს სასწავლებლებში მიმართვიანობას. მას შემდეგ, რაც კადრი შევა პროფესიაში და ხედავს რომ დაწინაურება და ხელმძღვანელი პოზიცია უნდა რომ დაიკავოს, შემდეგ მიდის უმაღლეს განათლებაში. ჩვენთან პირიქით არის, ჯერ მივდივართ უმაღლესში და მერე ვხვდებით, რომ კეთება არ ვიცით და ვბრუნდებით პროფესიულში. თუმცა, საზოგადოების მენტალიტეტი იცვლება და იმას მაინც ვხვდებით უკვე, რომ უნდა დავბრუნდეთ პროფესიულში, რომ წარმატებით დავსაქმდეთ“, - განაცხადა კახაბერ ერაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში წლიდან წლამდე პროფესიულ სასწავლებელში როგორც ჩარიცხულთა, ასევე კურსდამთავრებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის ჭრილში პროფესიულებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-იან ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 17 083 ჩაირიცხა, 2023 წელს კი მათი რაოდენობა 15 494-ს შეადგენდა. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში 17%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წელს თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაამთავრა 9 537-მა სტუდენტმა, 2023 წელს მათი რიცხვი 8 123-ს შეადგენდა.