საქართველოში ადრეული შეტყობინებების სისტემების განთავსება 74 მლნ აშშ დოლარი ჯდება - ვინ აფინანსებს

საქართველოს მთელი ტერიტორიაზე 11 გეოლოგიური მონიტორინგის სისტემა უნდა განთავსდეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიზნესპრესნისს“ განუცხადეს, ადრეული შეტყობინებების სისტემის ბიუჯეტი ჯამში 74 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ის ოთხი ურთიერთდაკავშირებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ.

უფრო კონკრეტულად:

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტი მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში (27 მილიონი აშშ დოლარი);

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტი კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში (5 მილიონი აშშ დოლარი);

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი კლიმატის ცვლილების რისკებისადმი თემების მედეგობის გაძლიერება (4 მილიონი აშშ დოლარი);

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტი კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში - ფაზა 2 (1,450,000 აშშ დოლარი).

საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2027 წელს არის დაგეგმილი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის, 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკები უკვე მომზადდა. მათივე განმარტებით, აღნიშნულის საფუძველზე მუშავდება რისკის რუკები, რაც ხელს შეუწყობს სტიქიისადმი მოწყვლადი არეალების იდენტიფიცირებას და ზეგავლენაზე დაფუძნებული გაფრთხილებების გავრცელებას.საუბარია, ისეთ რისკებზე, როგორიცაა: წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი.

ნინი ქეთელაური