„საქართველოს აქვს პოტენციალი, გააორმაგოს თხილის წარმოება“ - BTUAI-ს რეკომენდაციები დარგის განვითარებისთვის

საქართველოს აქვს პოტენციალი, გააორმაგოს თხილის წარმოება, - ამის შესახებ აღნიშნულია, BTUAI-ს მიერ მომზადებულ თხილის ბაზრის ანალიზში.

ცნობისთვის, BTUAI ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ შექმნილი ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და დარგობრივი ექსპერტების კოლაბორაციით შეიქმნა და ვითარდება. BTUAI სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების, კვლევების და სხვა მეგამონაცემების გამოყენებით, აგენერირებს ანალიტიკურ მასალას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ეკონომიკის ცალკეული დარგების შესახებ, ამუშავებს მასალას და აკეთებს შესაბამის პროგნოზებს, რომელიც სექტორულ განვითარებას და გამოწვევებს, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე წარმოაჩენს.

ბაზარზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტი BTUAI განმარტავს, რომ საქართველოში თხილის მოსავლიანობა შედარებით დაბალია და ჰექტარზე 0.62 ტონას (ნაჭუჭიანი) შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება თურქეთის (1.03 ტონა/ჰექტარზე), აზერბაიჯანის (1.40 ტონა/ჰექტარზე) და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს (1.13 ტონა/ჰექტარზე).

BTUAI-ს მიხედვით, საქართველოს თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებია, მათ შორის: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი და სომხეთი.

ამასთან, BTUAI აღნიშნავს, რომ ექსპორტში დომინირებს ნაჭუჭგაცლილი თხილი (თხილის გული), რომელიც 2024 წლის მონაცემებით, ექსპორტირებული თხილის 89%-ს შეადგენს. ამასთან, ნაჭუჭგაცლილი თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის ფასზე.

როგორც BTUAI-ს შემაჯამებელ სტატისტიკაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოში დაახლოებით, 13.1 მილიონი კილოგრამი ნაჭუჭგაცლილი თხილი იყო წარმოებული. GeorgiAI Galt & Taggart-ის პროგნოზს იშველიებს და ამბობს, რომ სწორი მოვლითა და ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდით, 2030 წლისთვის საქართველოში თხილის წარმოებამ შესაძლოა, 25.2 მლნ კილოგრამსაც მიაღწიოს.

„ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლათათია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს თხილის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი და ამაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს გაკეთებული პროგნოზებიც.

ამასთან, თორნიკე ლათათიას შეფასებით, BTUAI-ს მიერ ინფორმაცია შეჯამებულია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, შესაბამისად ზუსტი და სანდოა.

„ის ბიბლიოგრაფია, რაც გამოყენებულია BTUAI-ს მიერ მომზადებულ თხილის ბაზრის ანალიზში, არის ოფიციალური მონაცემები, კონკრეტული ფაქტები. ციფრები, რაც ანალიზშია მოყვანილი, სანდო და სწორი წყაროებიდან არის წამოღებული, შესაბამისად ზუსტია. მეც ხშირად ვიყენებ AI-ს,“ - ამბობს, თორნიკე ლათათია.

აღსანიშნავია, რომ BTUAI-ს შემუშავებული აქვს კონკრეტულ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განვითარდეს სექტორი ისე, რომ გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გახდეს. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თხილი სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება.

BTUAI-ს შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად აუცილებელია ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მოკრეფის შემდგომ ეტაპზე.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ხელოვნური ინტელექტი განმარტავს, რომ საქართველოს თხილის სექტორის განვითარებისთვის შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი:

  • მოსავლიანობის გაზრდის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აგრონომიული პრაქტიკის დანერგვა;
  • პოსტ-ჰარვესტის ეტაპზე ხარისხის კონტროლის გაძლიერება, რაც მოიცავს გაშრობისა და შენახვის ოპტიმიზაციას;
  • ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობების შესწავლა, მათ შორის ახალი ბაზრების ათვისება;
  • გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა, რაც გაზრდის დამატებით ღირებულებას და საექსპორტო შემოსავლებს;
  • სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ეფექტურობის რეგულარული შეფასება და მათი გაუმჯობესების გზების ძიება.

BTUAI-ს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, თორნიკე ლათათია ამბობს, რომ ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან სრულ შესაბამისობაშია და ამის დასტურად, კონკრეტული მაგალითები მოჰყავს:

„დასკვნის სახით რაც წერია, იგივე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ცალსახად სწორია, რადგან ჩვენს შემთხვევაში გამოწვევა არის ის, რომ საოპერაციო ნაწილი არაეფექტურია. ჩვენთან, დაახლოებით, 41 ათასი ჰექტარი ტერიტორია არის გაშენებული, აქედან თითქმის 75-80% არის საოჯახო მეურნეობები და არაკომერციული ბაღები. საოჯახო მეურნეობებს ფიზიკურად არ აქვთ რესურსი, რომ ტექნოლოგიები დანერგონ. პატარა მოცულობის მეურნეობების შემთხვევაში კი, კაპიტალურ დანახარჯებს თვითონ ბიზნესი ვერ იტანს.

აქედან გამომდინარე, საოჯახო მეურნეობები იყენებენ დაქირავებულ მუშა ხელს. მათ მექანიკური საშუალებები არ აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ ცნობიერება არ არის მაღალი და ვადებშიც აცდენილები არიან. აგრო სამუშაოებს ვადებში ვერ სვამენ.

შემდეგი საკითხია, პოსტ-ჰარვესტის მომენტი. ერთია მოსავლის აღება და მეორე ხარისხიანად შრობა და შენარჩუნება, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. როდესაც პიკური პერიოდია, ხშირად მუშახელზე მოთხოვნა მაღალია და ამიტომ ცდილობენ ადრე დაიწყონ აღება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში ეს ვადებიც დაცული არ არის ოჯახურ მეურნეობაში. ამის შემდეგ, როგორც წესი, ჩვენთან შრობა მიმდინარეობს ბუნებრივი მეთოდით. მზის ქვეშ დაყრიან და მზის სხივებით აშრობენ, რა დროსაც ტემპერატურა დაცული არ არის. მაგალითად, თუ თხილს დაყრი და მეორე მხრიდან ნაკლებად გააშრობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ კარგად გამომშრალი არ არის, რაც შემდგომ ხარისხობრივ ნაწილში აისახება.

ასევე აღსანიშნავია, BTUAI-ს მიერ მომზადებულ ანალიზში დამატებითი ღირებულების შექმნაზე გაკეთებული აქცენტი. კერძოდ, თხილი როგორც ნედლეული ისე კი არ გავყიდოთ, არამედ, მაგალითად, შოკოლადი ვაწარმოოთ, სადაც თხილს გამოვიყენებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად გაგვაქვს თხილი, ვაძლევთ „ნესტლეს“, „ნუტელას“ და შემდეგ ამ პროდუქტებს უკან, ბევრად დიდი მარჟით ვყიდულობთ. რეალურად კი, რაც უფრო მეტ დამატებით ღირებულებას შევქმნით და მეტ სახეობას ვაწარმოებთ, მით უფრო საინტერესო მიმართულება შეიძლება გახდეს,“ - ამბობს თორნიკე ლათათია.

ნინი ქეთელაური