„შეიმჩნევა უკანონო მშენებლობები, ძალიან სახიფათო მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას“ - ორბეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორბეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. ორბეთი საქართველოში პირველი სოფელია, რომელიც კერძო მესაკუთრეთა მიერ დამუშავებული განაშენიანების გეგმით განვითარდება.

კონცეფცია ორიენტირებულია ჯანსაღ ცხოვრებასა და დასვენებაზე ფოკუსირებული დასახლების შექმნაზე. კონცეფცია მოიცავს სამ ძირითად ხედვას:

ინფრასტრუქტურის ოპტიმალურ გადაწყვეტას (კომერციული სივრცეების მოწყობა, მიზიდულობის ობიექტების უზრუნველყოფა და მომსახურების ობიექტების გაჩენა),

დასაქმების და ცხოვრების ხელშეწყობას (კომუნალური სერვისების შექმნა, სააგარაკე დასახლების შესაბამისი სამუშოა ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის გააქტიურება),

ჯანსაღი და აქტიური გარემოს შექმნას (გარემოს დაცვა, განაშენიანების მდგრადობის შენარჩუნება).

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წლებია ორბეთში არ არსებობს ერთიანი საინჟინრო ინფრასტრუქტურის სისტემა, დასახლება წერტილოვანი სისტემით მარაგდება, თუმცა ელექტროენერგიის გარდა სხვა კომუნალური ინფრასტრუქტურა ძირითადად ინდივიდუალურ მოწყობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ორბეთში ამჟამად არ არსებობს საბავშვო ბაღი. ასევე სოფელში მოქმედებს ერთი საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა კი კლების ტენდენციით ხასიათდება.

„სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებიდან სოფელ ორბეთის ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა, რომელიც ემსახურება, როგორც სოფელ ორბეთს, ისევე ღოლოვანს, პანტიანს, ამლევს და ახალ ზირბითს.

სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე, ხოლო დღეის მდგომარეობით, სწავლობს 23 მოსწავლე, რაც შეეხება სკოლაში ბავშვების შემცირების სტატისტიკას, ის საგრძნობლად იზრდება. სკოლის დირექტორთან ჩატარებული ინტერვიუს მიხედვით, 2022 წელს სკოლაში სწავლობდა 40, ხოლო 2021 წელს 60 მოსწავლე.

დაწესებულებას არ აქვს სპორტული მოედანი და არ არის დამატებით საგანმანათლებლო ან სამოყვარულო წრეები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორბეთის განვითარების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ სოფელს არ გააჩნია ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით ერთიანი მართვის მექანიზმი.

„არსებული მდგომარეობით შეიმჩნევა კონკრეტულ ადგილებში უკანონო მშენებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშენებლობები დიდი მოცულობის არ არის (ძირითადად 1-2 სართულიანი ინდივიდუალური სახლებია), დასახლების მიმართ ინტერესის მატებასთან ერთად, ძალიან სახიფათო მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას ქაოტური და არაორგანიზებული დასახლების ჩამოყალიბების კუთხით“, - ვკითხულობთ კონცეფციაში.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გარკვეული სამშენებლო აქტივობებისა, ორბეთის ბუნებრივი ლანდშაფტი მეტწილად ხელუხლებელია.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად გარკვეული ტიპის სამშენებლო აქტივობებისა, ბუნებრივი ლანდშაფტი უმეტესწილად ხელუხლებელია და სწორედ ამის გამო იგი არის საკმაოდ მიმზიდველი გარე ვიზიტორებისა და ახალი მოსახლეობისთვის“, - ვკითხულობთ ორბეთის განვითარების კონცეფციაში.

მერი ტაბატაძე