საქართველოში ფსტის იმპორტი გაორმაგდა, ფასი კი 123%-ით გაიზარდა

საქართველოში ფსტის იმპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 729 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებამაც 5.19 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 306 ტონა ფსტა ჯამში 978 ათას დოლარზე მეტი ღირებულების.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფსტის იმპორტი 123%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში თუ ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 3.19 დოლარი უჯდებოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ფასი 7.11 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, საქართველომ 2025 წლის პირველ ორ თვეში ფსტა შემდეგი ქვეყნებისგან იყიდა:

  • აშშ - 3.94 მლნ დოლარის 512 ტონა;
  • თურქეთი - 1.15 მლნ დოლარის 121 ტონა;
  • ირანი - 91.6 ათასი დოლარის 96 ტონა;
  • უზბეკეთი - 3 ათასი დოლარის 350 კგ;
  • სომხეთი - 2.3 ათასი დოლარის 230 კგ.

რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტის ჩათვლით), წელს საქართველოდან გავიდა 6.55 ათასი დოლარის 780 კგ ფსტა. ფსტის ექსპორტი სრულად კანადაში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფსტის ექსპორტი არ განხორციელებულა.

მერი ტაბატაძე