როგორ დგინდება დედაქალაქში ავარიული ობიექტების რაოდენობა

თბილისში ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა ავარიული შენობებია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში სულ 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობაა. თუმცა, როგორც ჩანს, მათი ჩანაცვლების პროექტი არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, რადგან 4 წელია ეს მაჩვენებელი არ იცვლება.

აღნიშნულ საკითხზე “ბიზნესპრესნიუსი” უკვე წერდა. იმის გამო, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არ იყო, მერიას ერთი და იგივე პროექტებზე ტენდერის გამოცხადება რამდენჯერმეც კი მოუწია. თავის მხრივ, დეველოპერები „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავენ, რომ მათთვის მთავარ დაბრკოლებას ავარიული სახლების მცხოვრებლები წარმოადგენენ. ბიზნესი თვლის, რომ მათთან მოლაპარაკებას თბილისის მერია თავად უნდა აწარმოებდეს.

შედეგად, 4 წლის განმავლობაში ავარიული სახლების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, პრობლემა კი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, “ბიზნესპრესნიუსმა” თბილისის მერიას შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. აღირიცხება თუ არა ის შენობები, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა?
  2. ვინ აწარმოებს აღნიშნულ საქმიანობას?
  3. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში რამდენი ავარიული, ექსპლუატაციის ვადაამოწურული და ამორტიზებული შენობა-ნაგებობაა?
  4. რა ზომებს იღებს დედაქალაქის მერია მსგავსი შენობების პრობლემის მოსაგვარებლად?
  5. ვინ არის პასუხისმგებელი, თითოეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაზე?
  6. რა არის დაგეგმილი მსგავსი შენობების პრობლემის მოსაგვარებლად?

აღნიშნულ კითხვებზე დედაქალაქის მერია გვპასუხობს:

“თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ ხორციელდება იმ შენობა-ნაგებობათა აღრიცხვა, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა აქვთ ამოწურული.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2025 წლის 05 მარტის N25.299.362 განკარგულებით დამტკიცებული ფონდის წესდებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარება, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების განხორციელება. ხოლო, მითითებულ საქმიანობას ფონდი ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალებით”.

“ბიზნესპრესნიუსმა” დამატებითი კითხვებით, თბილისის მერიას კვლავ მიმართა, რაზეც განმარტეს, რომ დედაქალაქის მასშტაბით ავარიული შენობა-ნაგებობების აღრიცხვას ერთი კონკრეტული სამსახური არ აწარმოებს და მასში ჩართულია ყველა გამგეობა. თავის მხრივ, შენობების შესახებ მონაცემები კი შესული განცხადებების მიხედვით გროვდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ავჭალაში. ავარიული კორპუსის გაუქმებული ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე, ასევე ტრაგიკულად დასრულდა ფუნიკულიორზე ავარიული ობიექტის ჩამონგრევა. შედეგად ახალგაზრდა ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ნინი ქეთელაური