„აშშ დიდი ბაზარია თავისი აწყობილი ლოჯისტიკური ჯაჭვით, ასე მარტივად სხვა ბაზარზე გადაწყობა ვერ მოხერხდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა და განმარტა, შესაძლებელია თუ არა, რომ ამერიკაში ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფების ფონზე საქართველომ აშშ-ის ბაზარი ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, მსუბუქი მანქანების უდიდესს ნაწილს საქართველო ამერიკიდან ყიდულობს. 2025 წლის იანვარ-თებერვალში სულ იმპორტირებულია 19 765 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 326.8 მლნ დოლარს მიაღწია. აქედან 15 301 ერთეული მანქანა შემოვიდა სწორედ აშშ-დან ( ჯამში 193.49 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების).
ნონიაძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი ბაზარი, რომელმაც შესაძლოა, ამერიკიდან ავტოიმპორტი ჩაანაცვლოს, ჩინეთია. თუმცა, აღნიშნული ბაზრიდან ავტომობილების იმპორტის ფონზე საქართველო ჰაბის ფუნქციას დაკარგავს.
„აშშ დიდი ბაზარია თავისი აწყობილი ლოჯისტიკური ჯაჭვით, ასე მარტივად გადაწყობა ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, რომ ევროპის ბაზარზე არ არის ის რაოდენობა, რომ ჩვენი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იაპონია და კორეა კი ამერიკულ ბაზარს დიდად კონკურენციას ვერ უწევს. ერთადერთი ბაზარი, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, ეს არის ჩინეთის ბაზარი, მაგრამ რეექსპორტზე ვერ ვისაუბრებთ ამ ნაწილში, რადგან თუ ჩინურმა ავტომობილებმა ჩაანაცვლეს ამერიკული ავტომობილები, ჩვენ როგორც ჰაბი ფუნქციას დავკარგავთ“, - აღნიშნავს ნონიაძე.
მანვე დასძინა, რომ თუ ავტოიმპორტში ამერიკას ჩინეთი ჩაანაცვლებს, საქართველოდან რეექსპორტის გეოგრაფია სრულად შეიცვლება, ქართველი დილერები კი არამომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენგან ახლა ავტომობილები გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თუ ჩინეთიდან საქართველოში ავტომობილები ჩამოვიდა სახმელეთო გზით, ბუნებრივია, ყაზახი და ყირგიზი დილერები აქ არ ჩამოვლენ და არ წაიყვანენ ავტომობილებს უკან. პირიქით, შეიძლება შიდა ბაზრისთვის ყირგიზმა და ყაზახმა დილერებმა ჩამოიყვანონ აქ ავტომობილები და არა ქართველებმა. ამიტომ, ამერიკული ბაზრის ჩანაცვლებით შესაძლოა, რეექსპორტის გეოგრაფია შეიცვალოს, რაც ჩვენ არამომგებიან სიტუაციაში გვაყენებს“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ინფორმაციისთვის, მსუბუქი ავტომობილები საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან რეექსპორტზე გავიდა 285 186 590 დოლარის ღირებულების 12 238 ერთეული ავტომობილი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად შემდეგ ხუთ ქვეყანაში ხორციელდება: