გერმანია ლტოლვილთა მიღებას წელიწადში 100 000-მდე შეზღუდავს

გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში ახალი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას წელიწადში 100 000-ზე ნაკლებ ადამიანამდე შეამცირებს.

ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რასაც Zeit ავრცელებს

„ჩვენი იდეაა, ეს რიცხვი ამთავითვე მნიშვნელოვნად შევამციროთ. მიღებული ლტოლვილების რაოდენობა ექვსნიშნა რიცხვს აღარ უნდა შეადგენდეს. ქალაქები, მუნიციპალიტეტები, სკოლები, საავადმყოფოები და ჩვენი ინფრასტრუქტურა გადატვირთულია,“ - აცხადებს მერცი.

მისი თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის შესამცირებლად ახალი მთავრობა, გერმანიის მთავარ პარტიებთან კოალიციური შეთანხმების შესაბამისად, „მეტი ადამიანის“ დეპორტაციას მოახდენს და მიგრანტთა ოჯახების გაერთიანებას შეაჩერებს. ამ ქმედებებში ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, ავსტრიის მთავრობასთან უკვე კოორდინაციაშია, რომელიც „ამ პრობლემის მოგვარებით, ასევე, დაინტერესებულია.“

CDU-ს, ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატებს (SPD) შორის კოალიციური შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც თავშესაფრის მაძიებლებს გერმანიის საზღვრიდან უკან გააბრუნებენ, თუმცა ეს პრაქტიკა კონსტიტუციურ ჩარჩოს არ უნდა გასცდეს.

მერცის ხუთპუნქტიანი გეგმის თანახმად, ახალი მთავრობა „მუდმივ სასაზღვრო კონტროლს“ შემოიღებს, ხოლო გასულ კვირას მომავალმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მოქალაქეობის მინიჭების მიდგომასაც გადახედავს და მიგრაციაზე კონტროლს გაამკაცრებს. კერძოდ, გერმანიაში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ „ტურბონატურალიზაციის“ შესაძლებლობა გაუქმდება. ამჟამად მოქმედი პროცედურის თანახმად, რომელიც ქვეყანაში გასული წლიდან ამოქმედდა, უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება უკვე სამი წლის შემდეგ შეუძლიათ, თუ ინტეგრაციაში, მაგალითად, კარიერაში ან განათლებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ. გამარტივებული ნატურალიზაციის პროცედურა, ასევე, გერმანიის მოქალაქეების მეუღლეებზე ვრცელდება: ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ მათ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ, თუ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში იმყოფებიან ქორწინებაში. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეობის მისაღებად გერმანიაში, მინიმუმ, ხუთი წლით ცხოვრება არის საჭირო.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ადრე არაერთხელ აკრიტიკებდა „დაჩქარებულ ნატურალიზაციას“ და პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში წესებს გადახედავდა.

ასევე, გასულ კვირას გერმანიის ხელისუფლებამ განსაკუთრებულ დაცვის საჭიროების მქონე პირთა განსახლება შეწყვიტა, რასაც ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) პროგრამა ითვალისწინებდა. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებისთვის დაიშვება, რომელთა მიღების პროცედურაც დასკვნით ეტაპზეა. UNHCR-ის პროგრამა თავშესაფრის მქონე ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს. მასპინძელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად განსაზღვროს ხალხის რაოდენობა და ქვეყნები, საიდანაც ისინი ჩადიან. 2024 და 2025 წლებში გერმანიამ 13.100 ლტოლვილის მიღების ვალდებულება აიღო. დღეისთვის ამ კვოტით ქვეყანაში 5.061 ადამიანი არის შესული. მათ შორის არიან რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელები და სირიის მოქალაქეები, რომელთა განსახლებაზეც ევროკავშირი და თურქეთი ჯერ კიდევ 2016 წელს შეთანხმდნენ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ სულ 37.787 განაცხადი შევიდა, რაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით ნაკლებია. 2024 წელს გერმანიაში თავშესაფარი 229,7 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, რაც 2023 წელზე, დაახლოებით, 100 ათასით ნაკლები იყო. ყველაზე ხშირად გერმანიაში თავშესაფარს სირიის (24%), ავღანეთის (16%) და თურქეთის (11%) მოქალაქეები ითხოვდნენ. საერთო ჯამში, ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე ყველაზე მეტი განაცხადი ვენესუელის მოქალაქეებისგან შედის, რომელთა რაოდენობამაც 25.375 ადამიანი შეადგინა. წლის განმავლობაში მათი განცხადების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ