სოხუმის აეროპორტი რუსეთიდან თანამშრომლებს აქტიურად ეძებს. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი” კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიამ, რომელიც აეროპორტის აღდგენას ეწევა, პორტალ hh.ru-ზე 38 ვაკანსია, მათ შორის, აეროპორტის მომსახურების ინჟინრების პოზიციაზე გამოაქვეყნა. კომპანია სპეციალისტებს სოჭიდან, კრასნოდარიდან და რუსეთის სხვა სამხრეთ ქალაქებიდან ეძებს.
ტურიზმის ბაზრის ერთ-ერთმა წყარომ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ აფხაზეთში ამჟამად აეროპორტის სპეციალისტებისა და საოფისე თანამშრომლების დეფიციტია. ავიაინდუსტრიის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს სოხუმის აეროპორტში ჩასვლა მიწისზედა მოწყობილობების ტექნიკური აღჭურვილობის შესამოწმებლად მოუწევთ. „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსულ მხარეს აეროდრომისა და ტერმინალის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
ცნობისთვის: 11 აპრილს „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს, iFly-ისა და NordStar-ს სოხუმში რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიანიჭა. iFly-ს მოსკოვიდან კვირაში 14-ის, NordStar-ს კი კრასნოიარსკიდნ შვიდ რეისის შეასრულებს უფლება აქვთ. ასევე, ფრენის ნებართვა ყაზანში დაფუძნებულ UVT Aero-საც აქვს, რომელმაც თებერვალში CRJ-200-თვითმფრინავით სოხუმში სატესტო რეისი შეასრულა.
სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან რეისების შესრულება 1 მაისიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, „კომერსანტის” ცნობით, ავიაკომპანიებისთვის ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუ რამდენი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს აეროპორტი.
რუსული iFly და Nordstar ევროკავშირის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიების სიაში არიან და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ