„პრობლემა იწყება დიდი ხნის წინ, 1992 წლიდან, როდესაც პრივატიზებაში გავუშვით აბსოლუტურად ყველაფერი“, - ამის შესახებ ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ დედაქალაქში ავარიულ შენობა-ნაგებობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ პერიოდიდან ბინები ყველანაირი შემოწმების გარეშე დაექვემდებარა პრივატიზაციას. შესაბამისად, ახლა სწორედ ამის შედეგს ვიმკით. როგორც ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, ამას ემატება ისიც, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ შენობებს თითქმის არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი, შესაბამისად, პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება.
„პრობლემა იწყება დიდი ხნის წინ, 1992 წლიდან, როდესაც პრივატიზებაში გავუშვით აბსოლუტურად ყველაფერი. ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების გარეშე, საკუთრებაში გავეცით ბინები. ახლა, ფორმალურად ეს არის მესაკუთრეების პრობლემა, მაგრამ არ შეიძლება, რომ მივუშვათ ეს საკითხი.
უნდა არსებობდეს შესაბამისი პროგრამები. რას ნიშნავს მოსახლეობა არ გადის ავარიული შენობებიდან?! მაშინ, ძალით უნდა გაიყვანო, აბა რა უნდა ქნა?! სამანევრო ფონდიც არ გვაქვს ჩვენ. ეს არის ფონდი, რომლის საშუალებითაც პრობლემის შემთხვევაში, მოსახლეობა გადაჰყავთ. არც სოციალური საცხოვრისი გვაქვს. რაღაცებს აშენებს სახელმწიფო, მაგრამ საკუთრებაში გადასცემს. ეს არასწორია. უნდა იყოს სოციალური საცხოვრისი, რომელიც მუნიციპალური საკუთრება იქნება და ეს მანევრს უფრო მარტივს გადის.
ახლა პირველი, რაც გასაკეთებელია, არის საცხოვრისის თეთრი წიგნის გამოქვეყნება. ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი. აქედან უნდა დავიწყოთ. შემდეგი საკითხია - საცხოვრისის მართვა. ამდენი უწყებაა და ვერცერთი ვერ მართავს ამ საცხოვრისს, პარლამენტშიც კი არცერთი კომიტეტი არ არის ამ თემაზე პასუხისმგებელი. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავიაზროთ და დავიწყოთ პოლიტიკის დოკუმენტით.უკვე დაგვიანებულიც არის ამაზე მსჯელობა. ეს პრობლემა კიდევ გამძაფრდება. იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ძალიან ბევრ შენობას არ ჩატარება კაპიტალური რემონტი. ამასთან, გაუაზრებლად მოხდა პრივატიზება. ეს იყო პოპულისტური ნაბიჯი. 1992 წელს გამოვიდა შესაბამისი ბრძანება, ბატონი სიგუა აწერდა ხელს. ეს არის ისტორიული უბედურება საქართველოში, ქვეყნის ურბანულ განვითარებაში. ეს იყო დანაშაული, პოპულისტური ნაბიჯი და ახლა ვიმკით ამის შედეგებს“, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა- ნაგებობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ავჭალაში. ავარიული კორპუსის გაუქმებული ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე, ასევე ტრაგიკულად დასრულდა ფუნიკულიორზე ავარიული ობიექტის ჩამონგრევა. შედეგად ახალგაზრდა ადამიანი ადგილზე დაიღუპა.