საქართველოში საწვავის მოხმარება 55 ათასი ტონით გაიზარდა - რა რაოდენობის ბენზინი და დიზელი ვიყიდეთ

საქართველოში საწვავის მოხმარება თითქმის 19%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, ეს ერთი მხრივ დაკავშირებულია ავტომობილების იმპორტის მატებასთან, მეორე მხრივ კი ტრანზიტული მოძრაობის გააქტიურებასთან.

საწვავის მოხმარების ზრდაზე მიუთიტებს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2025 წლის მხოლოდ 2 თვეში ბიუჯეტში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან შემოსავალი 14.5%-ით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი, ნავთი) საქართველოს ბიუჯეტმა 93.340 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წლის 2 თვეში კი 106.841 მლნ ლარის.

საქართველოში რუსული საწვავის წილმა 62%-ს გადააჭარბა

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ბოლო მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 345.7 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 55 ათასი ტონით მეტია. 2024 წლის 3 თვეში ქვეყანაში 290.7 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც 18.92%-იანი ზრდაა.

„წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საწვავის მოხმარების მომატებას ავტომობილების იმპორტის ზრდას, ასევე ტრანზიტული მოძრაობის კიდევ უფრო გააქტიურებას დავუკავშირებდი. ძირითადი ფაქტორები ესენია, რადგან ფაბრიკა-ქარხნები და მსგავსი დაწესებულებები რომ გახსნილიყო ან ამუშავებულიყო, ამის შესახებ გავიგებდით.

საერთოდაც, გაზაფხულობით ავტომობილების მოძრაობა აქტიურდება, რაც ბუნებრივი და ლოგიკური მოცემულობაა - ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორია, სამგზავროდ გაცილებით კომფორტული, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ იობაშვილმა.

ამასთან, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, წელს 3 თვეში რუსეთიდან საქართველოში 216.2 ათასი ტონა (სრულ მოცულობის 62.5%) ბენზინისა და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43.6 ათასი ტონით მეტია. გასულ წელს რუსეთში 172.6 ათასი ტონა საწვავი ვიყიდეთ, ანუ ეს 25.26%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 3-თვიან პერიოდში საერთო მოცულობაში რუსეთის წილი 59.4% იყო, წელს - 62.5%.

ირაკლი ფოფხაძე