რუსულმა ტუროპერატორ Biblio-Globus-მა, რომელიც “აეროფლოტის” პარტნიორია, ზაფხულის სეზონზე მოსკოვიდან სოხუმში ფრენების ორგანიზებისთვის შესაძლოა, ავიაკომპანია, iFly მიიზიდოს
ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ავიაკომპანია მარშრუტზე ორი ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის, Airbus A330-200-ის გამოყენებას გეგმავს. მანამდე, iFly-მ „აეროფლოტს“ “სველი ლიზინგით” (თვითმფრინავი+ეკიპაჟი) Airbus-ის სამი ლაინერი გადასცა, თუმცა ისინი აფხაზეთში რუსული ავიაკომპანიის კოდებით რეისებს არ შეასრულებენ.
იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) 2006 წელს სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა, Biblio-Globus ავიაბილეთებს საკუთარი არხებით შეიძენს და ბორტზე ადგილების უმეტესობას დაიკავებს.
iFly-მ “კომერსანტს” დაუდასტურა, რომ აფხაზეთში ფრენების დაწყების შესაძლებლობას სწავლობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როცა სოხუმის აეროპორტი რეისების მომსახურებისთვის მზად იქნება.
ცნობისთვის: 11 აპრილს „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს, iFly-ისა და NordStar-ს სოხუმში რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიანიჭა. iFly-ს მოსკოვიდან კვირაში 14-ის, NordStar-ს კი კრასნოიარსკიდნ შვიდი რეისის შესრულების უფლება აქვთ. ასევე, ფრენის ნებართვა ყაზანში დაფუძნებულ UVT Aero-საც აქვს, რომელმაც თებერვალში CRJ-200-თვითმფრინავით სოხუმში სატესტო რეისი შეასრულა.
სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან რეისების შესრულება 1 მაისიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, „კომერსანტის” ცნობით, ავიაკომპანიებისთვის ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუ რამდენი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს აეროპორტი.
რუსული iFly და Nordstar ევროკავშირის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიების სიაში არიან და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ