2025 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მარტის მაჩვენებელზე (280.96 აშშ დოლარი) 3.89%-ით მეტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
სებ-ის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა - 55.01 მლნ დოლარი ჩაირიცხა აშშ-დან, მეორე ადგილზე იტალიაა - 50.46 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი - 37.84 მლნ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი, საიდანაც მარტში 24.45 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო მეხუთე ადგილზე გერმანიაა - 24.34 მლნ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ხვდებიან: ისრაელი (21.47 მლნ), თურქეთი (8.62 მლნ), ყირგიზეთი (7.02 მლნ), ესპანეთი (6.96 მლნ) და ყაზახეთი (6.59 მლნ).
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ თანხებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (29.6 მლნ აშშ დოლარი) შედარებით, 8.5%-ით მეტია.