საქართველოდან აშშ-ში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროსილიკომანგანუმია - 2024 წელს, 72.8 ათასი ტონა, 89.7 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც აშშ-ში გატანილი ექსპორტის მთლიანი ღირებულების 63.6%-ია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ვიგებთ.
კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-ის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი აქამდე მხოლოდ ღირებულების 3.9%-ით იბეგრებოდა, ამიერიდან კი რამდენად შეეხება კონკრეტულად ამ საქონელს აშშ-ის მიერ საქართველოზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ფეროსილიკომანგანუმის საექსპორტო ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია (მაგალითად, თითქმის ორჯერ უფრო მეტი საქონელი გავიდა თურქეთში. ასევე, სილიკომანგანუმის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში) და აშშ-ის წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 30%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის საექსპორტო ბაზრის სხვებით ჩანაცვლება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ამრიგად, აშშ-ში, ძირითად საექსპორტო საქონელთან მიმართებით, მოსალოდნელია ტრამპის სატარიფო პოლიტიკის უმნიშვნელო პირდაპირი გავლენა.
ასევე აღვნიშნოთ, რომ გასულ წელს ამერიკაში ტოპ-5 ექსპორტირებულ საქონელს შორისაა: შავი ლითონის მილები - 8.4 მლნ აშშ დოლარის, საფრენი აპარატის ნაწილები - 7.2 მლნ აშშ დოლარის, ყურძნის ღვინო - 7 მლნ აშშ დოლარის, სილიციუმი - 5.4 მლნ აშშ დოლარის.