აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს - მიზეზები

აშშ-ში, შესაძლოა, ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს - ამის შესახებ Gnomon Wise-ის კვლევაში ვკითხულობთ.

საქართველოდან აშშ-ში, 2024 წელს, სარეკორდო რაოდენობის, 1.2 ათასი ტონა, ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა ექსპორტზე - ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. მიმდინარე პერიოდამდე, საქართველოდან აშშ-ში ღვინის შეტანა, ყოველ ლიტრზე, 19.8-ცენტიანი განაკვეთით იბეგრებოდა. აღსანიშნავია, რომ სხვა საქონლისგან განსხვავებით, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტს მზარდი ტემპი ახასიათებს. ეს კი შესაძლებელია, 10%-იანი განაკვეთის დაწესების მიუხედავად, აჩქარდეს, რადგან ამერიკულ ბაზარზე ღვინის ექსპორტიორი ძირითადი ქვეყნები ორჯერ უფრო მეტი განაკვეთით დაიბეგრება (ამერიკაში ღვინის იმპორტის 2/3 -ზე მეტი საფრანგეთისა და იტალიის წილია).

„საქსტატის“ ბოლო 15 წლის სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ში ჯამურად 7.4 ათასი ტონა ყურძნის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაოდენობის ზრდა კი 2019 წლიდან საგრძნობლად იმატებს - 2019-დან (0.5 ათასი ტონა) 2024-მდე ზრდა 140%-იანია.

იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ მართალია, ეს დინამიკა მზარდია, მაგრამ გასულ წელს აშშ-ში გატანილი ღვინის წილი ღვინის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 2.6%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს აშშ-ში 0.9 ათასი ტონა ყურძნის ღვინო გავიტანეთ; 2022-ში ზუსტად 1 ათასი ტონა; 2021-ში - 0.8 ათასი ტონა; ხოლო 2020-ში - 0.7 ათასი ტონა.

ირაკლი ფოფხაძე