„ქართული სამზარეულოს კერძები მსოფლიოში ყველაზე კომფორტული და დამამშვიდებელია, ისინი თბილ ჩახუტებას ჰგვანან“, - ვკითხულობთ ტურისტულ ვებგვერდ Travel Earth-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ტოპ-10 ქართულ კერძს ეხება.
„ბიზნესპრესნიუსი“, Travel Earth-ის სტატიას, სათაურით - „10 აუცილებლად გასასინჯი კერძი ქართული სამზარეულოდან“, უცვლელად გთავაზობთ:
10. ბადრიჯანი ნიგვზით - გემრიელი აპეტაიზერი
ბადრიჯანი ნიგვზით უგემრიელესი აპეტაიზერია, რომელიც ბადრიჯნის, ცხარე კაკლის, ბროწეულისა და ნივრისგან შედგება. შემწვარი ბადრიჯნის თხელ ნაჭრებს ახვევენ მას შემდეგ, რაც მას ნიგვზისა და ნივრის სპეციალური მასით შეკმაზავენ, სუფრაზე მიტანის წინ კი ბროწეულის მარცვლებით მორთავენ. მაშინაც კი, თუ ბადრიჯანი არ გიყვართ, ამ კერძის დაგემოვნების შემდეგ, მისი დიდი გულშემატკივარი გახდებით.
9. საცივი - ტრადიციული კერძი
საცივი ტრადიციული და პოპულარული კერძია, რომელიც ქართულ სამზარეულოში გამოირჩევა. ინდაურის ან ქათმის ხორცი, მოხარშულია კაკლის დიდებულ სოუსში, ასევე უზავებენ ნიორს, ხახვს, დარიჩინს, მიხაკსა და ქინძს. ეს მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძი კომპლექსური გემოსგან შედგება და სიამოვნებას ანიჭებს როგორც ადგილობრივებს, ისევე დამსვენებლებს. ტრადიციისამებრ, საცივს დღესასწაულებზე ამზადებენ.
8. ლობიანი - ლობიოებით სავსე ფუმფულა პური
ლობიანი ღუმელში გამომცხვარი ლობიოებით სავსე ფუმფულა პურია, რომელსაც მოკრძალებულ კერძს უწოდებენ, რადგან დოლარზე ნაკლები ღირს და ნებისმიერ დროს ადვილად ხელმისაწვდომია. გარედან საკმაოდ ხრაშუნაა, მაგრამ შიგნით შემწვარი ბეკონისა და კარაქის სუნით გაჯერებული ლობიო საოცარ გემოს დაგიტოვებთ. თქვენ შეგიძლიათ, მათ ნებისმიერ ადგილას მიაგნოთ, მაგრამ ქალაქის უძველესი პურის თონეები საუკეთესო ლობიანებს ყიდიან.
7. ხარჩო - ძროხის ხორცის წვნიანი
ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი კომფორტული და რბილი კერძია ხარჩო - ტრადიციული ქართული ძროხის წვნიანი. ის ნიგოზის დაქუცმაცებითა და არაერთი ქართული სანელებლების შერევით მზადდება. ამ ყველაფერს შემდეგ ბრინჯსა და ხორცს ურევენ და ადუღებენ იქამდე, სანამ სასურველ მასას არ მიიღებენ. ეს არის თბილი და გემრიელი ქართული კერძი, რომელიც ზამთრის ცივ ღამეს ქართულ სპეციალურ პურთან ერთად უნდა მიირთვათ.
6. ფხალი - ბოსტნეულის ნაზავი
ფხალს მეორენაირად მხალსაც ეძახიან. ეს არის სხვადასხვა ბოსტნეულის მასა, რომელიც შერწყმულია სპეციალურად მომზადებულ კაკალთან და სხვა მწვანილებთან. მზადდება კომბოსტოსგან, სტაფილოსგან, ბადრიჯნისგან, ისპანახისგან, ლობიოსგან და ჭარხლისგან. აქედან რომელიმე კონკრეტული ბოსტნეული ინაყება ძმართან, ხახვთან, ნიორთან და მწვანილებთან ერთად. საბოლოო პროდუქტს ახვევენ ბურთულებად და ბროწეულის მარცვლებით აფორმებენ. ეს ჯანსაღი და არომატული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც აპეტაიზერი ან სხვა კერძებთან ერთად.
5. ლობიო - ლობიოს შეკმაზულ-შეზავებული ნახარში
ეს კერძი ლობიოს წითელი მარცვლებისგან მზადდება. მისი ინგრედიენტები ლობიო, ნიგოზი, ნიორი, ხახვი და მწვანილია. ყველა ინგრედიენტი ნელა იხარშება, სანამ შესაბამის წვნიან კონსისტენციას არ მიაღწევს. ამ ქართული საკვების გემო განსხვავდება იმის მიხედვით, თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფებით.
4. მწვადი - შაშლიკი ან ქაბაბი
ქართულ სამზარეულოში შემწვარი ხორცის უამრავი ვარიანტია, ერთ-ერთი მათგანი კი მწვადია - ღია ცეცხლზე შემწვარი ქართული ქაბაბი. ღორის, ცხვრის ან ხბოს ხორცი მარინადდება ბროწეულის წვენში ან მარილში, აცვამენ შამფურზე და იწვება ღია ნაკვერჩხალზე. მისი კვამლის გამორჩეული არომატი არის ის, რაც მწვადს სხვა დანარჩენი შემწვარი ხორცისგან განასხვავებს.
3. ჩურჩხელა - ქართული სნიკერსი
ეს ტრადიციული სანთლის ფორმის ტკბილეული, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ქართული საკვებია. მზადდება ძაფზე წამოცმული ნუშის, ნიგოზის, თხილის ან ქიშმიშის ყურძნის კონცენტრირებულ მდუღარე წვენში ჩაყრით. შესაბამისი მასის მიღების შემდეგ აშრობენ იქამდე, სანამ კარგად საღეჭი, ცვილისებრი არ გახდება. ჩურჩხელები ცილებით და შაქრით მდიდარი პროდუქტია, ხშირად ყავასთან ერთად მიირთმევენ.
2. ხინკალი - წვნიანი დამფლინგები
ხინკალი დამფლინგების ქართული სახეობა და იქაური სამზარეულოს კიდევ ერთი საკულტო პროდუქტია. ქართული სანელებლების დიდოსტატურად გამოყენების წყალობით, წვნიანი და გემრიელია. თხლად გაბრტყელებული ცომი ნაზი ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცით ივსება, რის შემდეგაც წვენში იხარშება. ასევე აკეთებენ სოკოს, ყველისა და კარტოფილის ხინკალსაც.
1. ხაჭაპური - საქართველოს პიცა
საქართველოს ეროვნული კერძი, ნავის ფორმის ცნობილი საჭმელი, რომელიც მრავალი სახეობისაა: იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპური. გასაოცრად გემრიელი - არაა გამორიცხული, ხაჭაპურის ჭამის შემდეგ თითებიც გაილოკოთ. ყველის, კვერცხისა და კარაქის გამოყენების გამო, ეს კერძი ნახშირწყლებითა და რძის პროდუქტებით მდიდარი საკვებია.