„ჯერ არ ყოფილა ფაქტი, როცა დამნაშავეს პასუხს აგებინებდნენ“ - ბესიკ დონაძე ლიფტების ტრაგედიებზე

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველა ასეთ შემთხვევაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და ჯერ არ ყოფილა ფაქტი, როცა დამნაშავეს პასუხს აგებინებდნენ“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „მწვანე ზონა“ კორუფციის მკვლევარმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.

„შსს ჩაკეტილი სტრუქტურაა და ასეთი გამოძიების დროს საზოგადოებას საქმის კურსში არ ამყოფებს, თუ ვინ დაისაჯა. ბევრი კომპონენტია და სერიოზული მოკვლევა აუცილებელია. კალაძე რომ გამოდის და ამბობს, რომ მერიის პასუხისმგებლობა საერთოდ არაა, ეს რა პასუხია?! მერიამ უნდა მოიკვლიოს, ლიფტი როდის აღდგა, რამდენ ხანს ჰქონდა საგარანტიო ვადა, რომელმა კომპანიამ შეაკეთა და ა.შ. ისინი ამას არ აკეთებენ და არც დასრულებული გამოძიების შესახებ ვიცით რამე. მაგალითად, ვაზისუბანში, ჩემს უბანში, ცოლ-ქმარი ჩავარდა ლიფტში და დღემდე არ ვიცით, ეს ტრაგედია რამ გამოიწვია და კიდევ ბევრი ასეთი ფაქტია.

როცა კალაძე მერიას პასუხისმგებლობას არიდებს, მაშინ გამოვიდეს და გამოძიების შედეგები წარმოგვიდგინოს. ვალდებულია ეს გააკეთოს, რადგან თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ამდენი ფატალური შემთხვევა რის ან ვის გამო ხდება“ - აღნიშნა დონაძემ.

ირაკლი ფოფხაძე