2024 წელს სახელმწიფო უწყებებში ხელფასებზე ჯამში 2.6 მლრდ ლარი გაიცა, რაც 400 მლნ ლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. როგორც სახელმწიფო აუდიტის ბიუჯეტის მონიტორზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ვკითხულობთ, 2023 წელს ხელფასების ხარჯმა 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, აუდიტის მონაცემებით, 2024 წელს გაცემული ხელფასებიდან, 606.6 მლნ ლარი შტატგარეშეთა ხელფასებზე მოდიოდა, ხოლო 2023 წელს 528.9 მლნ ლარი.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შორის, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარიგებული ხელფასების ჯამური მოცულობა - 80.7 მლნ ლარი, რითაც თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების გარდა, ყველა უწყებას გადაუსწრო.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის ხელფასები გაიცა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წელს:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 37.8 მლნ ლარი (2023 წელს 35.6 მლნ ლარი იყო)
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3.9 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 1.6 მლნ ლარი იყო)
- მთავრობის ადმინისტრაცია - 5.2 მლნ ლარი (2023 წელს 3.5 მლნ ლარი)
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 2 მლნ ლარი (2023 წელს 1.7 მლნ ლარი)
- ფინანსთა სამინისტრო - 63.7 მლნ ლარი (2023 წელს 62.8 მლნ ლარი)
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 21.5 მლნ ლარი (2023 წელს17.3 მლნ ლარი)
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 13.7 მლნ ლარი (2023 წელს 12.5 მლნ ლარი)
- იუსტიციის სამინისტრო - 138.2 მლნ ლარი (2023 წელს 109.6 მლნ ლარი)
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 64.4 მლნ ლარი (2023 წელს 58 მლნ ლარი)
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 19 მლნ ლარი ( 2023 წელს 16.8 მლნ ლარი)
- თავდაცვის სამინისტრო - 140.1 მლნ ლარი (2023 წელს 117.9 მლნ ლარი) (შენიშვნა: თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, უწყებასთან დაკავშირებული მონაცემები სრული არ არის).
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 857.3 მლნ ლარი (2023 წელს 721.4 მლნ ლარი)
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 70.7 მლნ ლარი (2023 წელს 62.8 მლნ ლარი)
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 76.2 მლნ ლარი (2023 წელს ინფორმაცია არ არის მიწოდებული. სავარაუდოდ, აღნიშნული უკავშირდება განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას)
- კულტურის და სპორტისა სამინისტრო - 80.7 მლნ ლარი (2023 წელს აღნიშნული სამინისტრო (2023 წელს ინფორმაცია არ არის მიწოდებული. სავარაუდოდ, აღნიშნულიც უკავშირდება განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას)