ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„პასკის ფასი იწყება 10 ლარიდან და გრძელდება უსასრულოდ - წელს კვერცხი და პასკა გაძვირებულია“ - რითეილები

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - კვერცხსა და პასკაზე - მოთხოვნა გაზრდილია. ასევე, გასულ წელთან შედარებით მომატებულია ფასები ორივე პროდუქტზე - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა.

როგორც ქაშაკაშვილი აღნიშნავს, წელს კვერცხის ფასები წლიურად 5-6%-ის ფარგლებში, ხოლო პასკის ფასები დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

„კვერცხის და პასკის ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, კვერცხის ფასები 5-6%-ის, ხოლო პასკის ფასები 5-8%-ის ფარგლებში გაძვირდა. რაც შეეხება რეალიზაციას, გაყიდვები გაზრდილია ბოლო პერიოდში“, - ამბობს რესპონდენტი.

ამასთანავე, ქაშაკაშვილმა აღნიშნა, რომ მარკეტებს როგორც კვერცხის, ასევე პასკის საკმარისი რაოდენობა აქვთ და სააღდგომო პერიოდში დეფიციტი არ შეიქმნება.

„მარაგები არის, წელს კიდევ უფრო ბევრი ისეთი ახალი მწარმოებელი შეეხმიანა ჩვენს ქსელებს, ვინც დაიწყო პასკის ცხობა და პასკის დეფიციტი არ შეიქმნება. მე გესაუბრებით მსხვილი მარკეტების სახელით, თუმცა იმდენად დიდი მოწოდება არის, რომ არც უბნის ტიპის მაღაზიებს არ გაუჭირდებათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ფასებიც გათვალისწინებულია ყველანაირ სეგმენტზე, პასკის ფასი იწყება 10 ლარიდან და გრძელდება უსასრულოდ“, - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

მერი ტაბატაძე