ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„გამოვლინდა ელდარის და შავი ფიჭვის უკანონო გაჩეხვის ფაქტები, ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება“ - კალაძე

„მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად წყნეთში ე.წ კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე (სადაც ჩვენ გვაქვს ლანდშაფტურ- რეკრეაციული არეალები), გამოავლინა ელდარის და შავი ფიჭვის უკანონო გაჩეხვის ფაქტები“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მძიმე ფაქტები უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას, შესაბამისად, საქმე შესაბამის უწყებას გადაეცა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სატყეო ზონებში, ასევე ლანდშაფტურ-რეკრეაციულ სივრცეებში, მერია მშენებლობებს არ დაუშვებს.

„სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები შედიან და პირდაპირ მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ყოველთვის გვექნება მკაცრი მიდგომები. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ჩვენვე ვჩეხავთ, ვანადგურებთ იმას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მაგალითად, მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად წყნეთში ე.წ კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე (სადაც ჩვენ გვაქვს ლანდშაფტურ- რეკრეაციული არეალები), გამოავლინა ელდარის და შავი ფიჭვის უკანონო გაჩეხვის ფაქტები. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის უწყებებს.

წარმოუდგენელია, ჩვენ თვითონ დავაზიანოთ ის, რაც ძვირფასია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის, შვილებისთვის. წარმოდგენილია, კონკრეტულ სივრცეებში (თუნდაც, ხე რომ არ იყოს), რომელსაც მას ადევს სატყეო ზონა და ლანდშაფტურ-რეკრეაციული არეალი, ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ქალაქი ყველასია, მარტო დედაქალაქის მერია ხომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენვე უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ, მოვაწესრიგოთ.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, ვინც დარეკა და შეგვატყობინა აღნიშნული პრობლემა, ჩვენგან მაშინვე მოხდა რეაგირება.

ჩვენ ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 2022 წელს გავამკაცრეთ კანონი მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯარიმები. ამასთანვე, ასეთი მძიმე ფაქტები უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული და ითვალისწინებს ციხეს, პატიმრობას. არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება და დაჭერა, მაგრამ არის რაღაცები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნინი ქეთელაური