მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი სამგზავრო ავიარეისი 3 მაისს შესრულდება, რომელსაც თათრეთის ავიაკომპანია, UVT Aero შეასრულებს, ხოლო 6 მაისიდან ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ იწყებს.
ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოხუმის მიმართულებით მარშრუტების გასაშვებად სხვა ავიაკომპანიების მიზიდვაზე მუშაობა გრძელდება.
UVT Aero ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენებს ყოველკვირეულად, შაბათობით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე შეასრულებს, სოხუმში კი, სავარაუდოდ, 18:20 საათზე ჩაფრინდება. სოხუმიდან რეისი 19:20 საათზე შესრულდება და მოსკოვში თვითმფრინავი 23:10 საათზე დაეშვება. მგზავრობის დრო, დაახლოებით, ოთხი საათია.
ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია (146 დოლარია). ფასში 10 კგ-მდე წონის ბარგი და 5 კგ-მდე წონის ხელბარგი შედის. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
UVT Aero ფრენებს კანადური წარმოების ორმოცდაათადგილიანი Bombardier CRJ-200-ის რეაქტიული თვითმფრინავით შეასრულებს.
რაც შეეხება „იკარს,“ ავიაკომპანია სოხუმის რეისების შესასრულებლად ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის ადმინისტრაციისგან 14,78 მლნ რუბლის (180 ათას დოლარამდე) სუბსიდიას მიიღებს, რასაც მერიის მიერ გამოქვეყნებული კონკურსის შერჩევის ოქმი ადასტურებს.
„იკარი“ კონკურსში მონაწილე ერთადერთი ავიაკომპანია აღმოჩნდა. დაფინანსება წელს გამოიყოფა და სოხუმში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ნაწილის კომპენსაციისთვის არის განკუთვნილი.
ნიჟნი-ნოვგოროდსა და სოხუმს შორის პირდაპირი ფრენის დრო 3:40 სთ-ია. თვითმფრინავი 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ადგილობრივი დროით 17:50 სთ-ზე აფრინდება და სოხუმში 21:30 სთ-ზე ჩავა.
ბილეთის ფასი ერთ კაცზე ბარგის გარეშე 12,090 რუბლია (147 დოლარია), ხოლო 20 კგ-მდე ბარგით ამ ფასს 2.953 რუბლი (36 დოლარი) ემატება. აღსანიშნავია, რომ „იკარი“ სოხუმის რეისზე ბილეთებს ავიაკომპანია Nordwind-ის ბლანკზე აფორმებს.
ფრენები Embraer 190/195-ის თვითმფრინავით შესრულდება.
6 მაისის შემდეგ „იკარი“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის მეორე რეისს 13 მაისს შეასრულებს.
ცნობისთვის: 11 აპრილს „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს, iFly-ისა და NordStar-ს სოხუმში რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიანიჭა. iFly-ს მოსკოვიდან კვირაში 14-ის, NordStar-ს კი კრასნოიარსკიდან შვიდი რეისის შესრულების უფლება აქვთ. iFly მარშრუტზე ორი ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის, Airbus A330-200-ის გამოყენებას გეგმავს. თუმცა ავიაკომპანიებისთვის ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუ რამდენი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს სოხუმის აეროპორტი, ამიტომ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როცა აეროპორტი რეისების მომსახურებისთვის მზად იქნება.
უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს. ყველა რუსული ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთში ფრენებისთვის ემზადება, ევროკავშირის სასანქციო „შავ სიაშია“ და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: „Аэрофлот,“ „Победа,“ „Россия,“ Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები,“ „ციმბირის ავიახაზები,“ „Ижавиа,“ „Якутия,“ „Аврора,“ „Авиастар-ТУ,“ „Русджет,“ „ЮВТ аэро,“ „Ираэро,“ „АЛРОСА,“ „Руслайн,“ „Ямал“ „იკარი“ და „Скол.“
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ