გმირთა მოედანზე ესტაკადების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა იგეგმება. თბილისის მერიამ მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
სავარაუდო ღირებულება 424 800 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 19 აპრილიდან იწყება და 22 აპრილს სრულდება.
მიმწოდებელმა უნდა შეამოწმოს ბურჯების, სარეგულაციო კედლების, საყრდენი და სავალი ნაწილების, ტროტუარების, მოაჯირების, დეფორმაციული ნაკადებისა და მისასვლელების მდგომარეობა; ასევე, უნდა გამოავლინოს დაზიანებები და დეფექტები.
ცნობისთვის, გმირთა მოედანზე ესტაკადების ანტისეისმური საყრდენი ნაწილის რეაბილიტაცია წინა წელსაც იგეგმებოდა. მერიამ 2024 წლის სექტემბერში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „აბსოლუტ სერვისმა“ მიიღო. კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და შესყიდვა ჩავარდა.