რუსეთში კარტოფილის ფასების სწრაფი ზრდა, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა, კიდევ უფრო დაჩქარდა.
ინფორმაციას NEWS.ru ანალიტიკურ AB-Center-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აპრილის დასაწყისისთვის საბითუმო ფასები, რომლითაც რუსი მწარმოებლები კარტოფილს საცალო ქსელებისთვის ყიდიან, წინა წელთან შედარებით, 285.5%-ით გაიზარდა და კილოგრამზე (დღგ-ის გარეშე) 11.4 რუბლიდან 42.4 რუბლამდე (0.13-დან 0.51 დოლარამდე) მოიმატა.
შედეგად რუსული კარტოფილი, თითქმის, სამჯერ უფრო გაძვირდა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც კილოგრამზე 17 ევროცენტს, ანუ 15.9 რუბლს შეადგენს.
საბითუმო ფასების შემდეგ სწრაფად იზრდება საცალო ფასებიც. კერძოდ, „როსსტატის“ მონაცემებით, გასული წლის ბოლოსთვის მაღაზიებში კარტოფილის ფასმა 92%-ით მოიმატა, რითიც ის ინფლაციური ტოპ-პროდუქტების ლიდერი გახდა.
AB-Center-ის გამოთვლებით, მიმდინარე წლის მარტისთვის კარტოფილის ფასების წლიურმა ზრდამ 140%-ს მიაღწია.
რუსეთში „კარტოფილის ინფლაციას“ ყინვებითა და გვალვით გამოწვეული მოსავლის მკვეთრი შემცირება აჩქარებს. მაგალითად, გასულ წელს ფერმერებმა 7.3 მლნ ტონა კარტოფილი აიღეს, რაც, 2023 წელთან შედარებით, 1.2 მლნ ტონით ნაკლებია. ეს იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოქსანა ლუტი შიდა მოხმარებას 8 მლნ ტონად აფასებდა.
კარტოფილის დეფიციტის საფრთხის გამო მთავრობამ იანვრიდან „მეგობრული ქვეყნებიდან“ უბაჟო იმპორტი გახსნა, ხოლო სახელმწიფო დუმის ვიცესპიკერი, ბორის ჩერნიშოვი კარტოფილის საცალო ფასებზე სახელმწიფო რეგულირების დროებით შემოღებას მოითხოვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ