ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„გვიჭირს კადრების პოვნა - ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი წავიდა ქვეყნიდან“ - მეჰმედ მელექი

„კადრები დეფიციტი არის ყველასთვის ძალიან მწვავე პრობლემა. გვიჭირს კადრების პოვნა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო“ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა და საქართველო-თურქეთის სავაჭრო პალატის წევრმა, მეჰმედ მელექმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოდან კვალიფიციური კადრების მზარდი გადინება ხორციელდება, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესზე. მელექმა აღნიშნა, რომ პრობლემას სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს.

“ბევრი კვალიფიციური კადრი წავიდა ქვეყნიდან, ეს არის მწვავე პრობლემა“

„კადრები დეფიციტი არის ყველასთვის ძალიან მწვავე პრობლემა. მაღაზიებში კონსულტანტების კუთხით, მომსახურების ცენტრებში ტექნიკოსების კუთხით, ოფისში კვალიფიციური კადრების მიმართულებით, პრობლემები აქვს ყველა კომპანიას - გვიჭირს კადრების პოვნა.

თავად სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რათა პრობლემა დარეგულირდეს. ასი ათასობით ადამიანია წასული საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ. ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი წავიდა ქვეყნიდან, ეს არის მწვავე პრობლემა და ამ საკითხზე ყურადღება არის მისაქცევი.

ახალ კადრებს უნდა ვასწავლოთ, გავიგოთ რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა, უნდა გადავამზადოთ კადრები და იმ სფეროში დავასაქმოთ, სადაც ყველაზე მეტად არის დეფიციტი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მეჰმედ მელექმა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ბოლო - 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან 163 480 პირი წავიდა ემიგრაციაში, 91 896 კი დაბრუნდა - ე.ი 71 584 წმინდა გადინებაა. ეს 2022 წელთან შედარებით წარმოადგენს 54%-იან ზრდას, 2021 წელთან შედარებით, 75.3%-იან ზრდას, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია.

მერი ტაბატაძე