ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის დროით 11:00 საათზე ძვირადღირებული ლითონის ფასმა უნციაზე 3 331 დოლარს გადააჭარბა.

Gold Price-ის მონაცემებით, ოქროს ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 9.76%-ით არის გაზრდილი, წლიური ზრდა კი თითქმის 40%-ს უტოლდება.

ძვირფასი ლითონის ფასის ზრდას ხელი შეუწყო „სატარიფო ომის“ პარალელურად შექმნილმა გაურკვევლობამ. ამ ფონზე ინვესტორები საკუთარი აქტივებისთვის შედარებით უსაფრთხო ადგილს ეძებენ და ასეთი შესაძლოა, იყოს სწორედ ოქრო.

ამასთანავე, ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირებასა და შესაძლო სავაჭრო მოლაპარაკების პერსპექტივას.

ამის ფონზე Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების კორექტირებამდე ბაზრებზე მეტ სიცხადეს ელოდება, რადგან აქვს მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი ამერიკაში ინფლაციას და ეკონომიკის ნელ ზრდას გამოიწვევს.

მერი ტაბატაძე