ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში მილიარდერების რაოდენობა 125-დან 146 ადამიანამდე, ხოლო მათი ჯამური ქონება 577 მლრდ დოლარიდან რეკორდულ 625.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად რუსი მილიარდერების მთლიანი სიმდიდრე ფედერაციის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების ოდენობას, თითქმის, გაუტოლდა.
მონაცემებს Forbes მარტში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზერვების მოცულობამ 1-ლი მარტის მდგომარეობით 632.35 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა ეს მხოლოდ დეკლარირებული თანხაა, რადგან დასავლური სანქციების გამო რუსეთმა რეზერვების, თითქმის, ნახევარზე წვდომა დაკარგა, რადგან აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარი არის გაყინული.
Forbes-ის რუსი მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია, ნავთობკომპანია Lukoil-ის დამფუძნებელი და უმსხვილესი აქციონერი, ვაგიტ ალეკპეროვი იკავებს, რომლის ქონება 28,7 მლრდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა 28,6 მლრდ დოლარით „სევერსტალის“ მფლობელი, ალექსეი მორდაშოვი, ხოლო მესამე ადგილზე „ნოვატეკისა“ და „სიბურის“ თანამფლობელი, ლეონიდ მიხელსონია, რომლის ქონებაც Forbes-მა 28,4 მლრდ დოლარად შეაფასა.
სიაში, ასევე, 15 ახალბედა მილიარდერია, რომლებმაც კაპიტალი ქვანახშირის, ფინანსების, IT და ფარმაცევტული სექტორის, ასევე, სოფლის მეურნეობის, კვების პროდუქტების, საბინაო მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის სფეროში დააგროვეს. მათ შორის სამი მემკვიდრეა, როგორიც არის ბანკირ ვლადიმერ კოგანის ქვრივი, ლუდმილა კოგანი (1,3 მლრდ დოლარი) და Lukoil-ის თანამფლობელ ლეონიდ ფედუნის უფროსი შვილები, ანტონი და ეკატერინა (სათითაოდ 1,1 მლრდ დოლარი).
ახალ რუს მილიარდერებს შორის ყველაზე მდიდარი „ფარმასინთეზის“ მფლობელი ვიკრამ პუნიაა (2.1 მლრ დოლარი). მას სამშენებლო კომპანია FSK-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ვორონინი (1.3 მლრდ დოლარი) მოსდევს. შემდეგი ალექსანდრე ისაევია (1.3 მლრდ დოლარი), კომპანია „ელგას“ თანამფლობელი, რომელიც რუსეთში ელგინსკის ნახშირის უდიდეს საბადოს ავითარებს. ასევე, „მირატორგის“ მფლობელი ძმები, ალექსანდრე და ვიქტორ ლინიკები, რომლებიც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევთან დაახლოებული პირები არიან. თითოეულის ქონება 1.3 მლრდ დოალარად არის შეფასებული.
Forbes-ის რუს მილიარდერთა რეიტინგს ოთხი ბიზნესმენი გამოეთიშა. ესენი არიან: სამშენებლო კომპანია Samolet-ის მფლობელი, პაველ გოლუბკოვი; UGMK-ის მინორიტარი აქციონერი, იგორ კუდრიაშკინი; რუსული ოპერაციული სისტემის პროვაიდერ Astra-ს მფლობელი, დენის ფროლოვი და სამთომომპოვებელი კომპანია Fortiana-ს მფლობელი, ვლადისლავ სვიბლოვი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ